Thumbnail

შერმადინს გმირის სტატუსი ბოლო წამზე წაართვეს - ტენერიფემ აუტსაიდერთან წააგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიპუზკოა ბასკეტი 89:87 იბეროსტარ ტენერიფე
  • შერმადინის 28 ქულა და 6 მოხსნა მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

ესპანეთის ACB ლიგის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე სან სებასტიანში გათამაშების აუტსაიდერ გიპუზკოას ესტუმრა და დრამატულად წააგო. ცხადია, კანარელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში უპორატესობა ხელიდან გაუშვეს, ბოლო წამზე კი სამქულიანიც მიიღეს და 87:89 წააგეს.

თამაშის დასრულებამდე 1.5 წამით ადრე შერმადინმა ორქულიანი ჩააგდო და სტუმრები 87:86 დააწინაურა. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში გიპუზკოამ გამარჯვება მოასწრო - ამერიკელი მაიკ კარლსონის მიერ გაშვებული ბურთი კალათში საფინალო სირენის ხმის ფონზე აღმოჩნდა!

გიორგი შერმადინი მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 გამოვიდა, თუმცა, კარლსონის სამქულიანმა მას თამაშის გმირის სტატუსი წაართვა.

იბეროსტარ ტენერიფემ ბოლო ორი ტურში იმდენივე თამაში წააგო, რამდენიც მანამდე 16 მატჩში და 14 გამარჯვებისა და 4 მარცხით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 იანვარს, სტუმრად ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას დაუპირისპირდება. სხვათა შორის, ბურჯანაძის გუნდმა დღეს ბადალონას ხუვენტუტს 96:85 სძლია, თუმცა, ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

📺 შერმადინის ტენერიფეს დრამატული მარცხი

კომენტარები

ბოლო ამბები