Thumbnail
  • პრესტიჟულ ტურნირზე 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
  • ყატარში პირველი მედლები 11 იანვარს გათამაშდება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ხვალ, 11 იანვარს სტარტს აიღებს 2021 წლის მასტერსი ძიუდოში, დღეს კი წილისყრა შედგა და საქართველოს ნაკრების წევრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ვაჟთა ნაკრების 13 წევრი მიიღებს, ქალთა გუნდი კი 2 ძიუდოისტითაა წარდგენილი.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე მე-2 რაუნდშია დაშვებული, სადაც ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესთან დაპირისპირება ელის, ლუხუმ ჩხვიმიანი კი სამხრეთკორეელ ვინ ჯინ კიმს გაეჯიბრება. აღსანიშნავია, რომ ამ წონაში ქართული ფესვების მქონე კიდევ 3 ძიუდოისტი იასპარეზებს. რობერტ მშვიდობაძე და იაგო აბულაძე რუსეთს წარმოადგენენ, თორნიკე ცხადაია კი – ნიდერლანდებს.

საქართველოს ასევე 2 წარმომადგენელი ჰყავს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც ბაგრატ ნინიაშვილი ძალებს უკრაინელ ბოგდან იადოვთან მოსინჯავს, ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე კი რუსი მიხაილ პულიაევი იქნება. 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულის დამარცხებას ეცდება.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში როგორც ტატო გრიგალაშვილი, ასევე ლუკა მაისურაძე შეჯიბრში მე-2 წრიდან ჩაებმებიან. გრიგალაშვილის მოწინააღმდეგე უნგრელი ატილა უნგვარი იქნება, ხოლო მაისურაძე მონღოლეთის სახელით მოასპარეზე ირანელ საეიდ მოლაეის გაეჯიბრება. ამავე წონაში ანრი ეგუტიძე პორტუგალიას წარმოადგენს, შამილ ბორჩაშვილი კი – ავსტრიას.

90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი ტატამიზე პირველივე რაუნდში გავა და შვედი მარკუს ნემანის ძლევას ეცდება, ხოლო ლაშა ბექაური მე-2 წრეშია დაშვებული და სერბ ნემანია მაიდოვთან პაექრობა ელის. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს, რომელიც მე-2 წრეში რუს ნიაზ ბილალოვსა და ბელარუს დანიელ მუკეტეს შორის უმჯობესს დაელოდება.

მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს კაცთა ნაკრებს ერთბაშად 3 წარმომადგენელი ჰყავს: გურამ თუშიშვილი რუს ანტონ კრივობოკოვს გაეჯიბრება, ლევან მატიაშვილი – უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს, ხოლო გელა ზაალიშვილი – კუბელ ენდი გრანდას. საინტერესოა, რომ თუკი ზაალიშვილი საწყისი ბარიერის დაძლევას მოახერხებს, მას დიდი ალბათობით, ლეგენდარულ ტედი რინერთან (მან ნიდერლანდელ როი მეიერს უნდა აჯობოს) დაპირისპირება მოუწევს. უდავოა, რომ 21 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის 2-გზის ოლიმპიურ, 8-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონ ფრანგთან ჭიდილი უდიდესი მოვლენა უნდა იყოს.

ქალთა ტურნირში ორივე ქართველი ძიუდოისტი ისრაელის ნაკრებს წევრებს გაეჯიბრება. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) ძალებს გილი კოენთან მოსინჯავს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ.) მოწინააღმდეგე ტიმნა ნელსონ ლევი იქნება.

ბოლო მონაცემებით, დოჰას მასტერსზე 70 ქვეყნის წარმომადგენელ 399 ძიუდოისტს (215 კაცი+184 ქალი) ვიხილავთ, შეჯიბრების განრიგი კი ასე გამოიყურება: 11 იანვარი – კაცები (60, 66 კგ.), ქალები (48, 52, 57 კგ.); 12 იანვარი – კაცები (73, 81 კგ.), ქალები – (63, 70 კგ.), 13 იანვარი – კაცები (90, 100, +100 კგ.), ქალები – (78, +78 კგ.). წინასწარი ეტაპები 11 და 13 იანვარს თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება, 12-ში – 12:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი – 18:00 საათიდანაა დაგეგმილი.

ტრადიციულად რიგითი ტურნირებიგან გამორჩეულია მასტერსის საპრიზო ფონდიც, რომელიც ასე გადანაწილდება: I ადგილი – 6 000 ევრო (4 800 ძიუდოისტს, 1 200 მწვრთნელს), II ადგილი – 4 000 (3 200 ძიუდოისტს, 800 მწვრთნელს), III ადგილი – 2 000 (1 600 ძიუდოისტს, 400 მწვრთნელს). ამას გარდა, კაცთა და ქალთა შორის საუკეთესოები დამატებითი 2 000-2 000 ევროს მიიღებენ.

ცნობისთვის, გასულ წელს მასტერსი კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა, 2019 წელს კი, ჩინურ ცინდაოში ქართულმა დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა: კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ბექაური (90 კგ.) ავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები