Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე ხორვატ მეტოქეს ეთამაშება, ეკატერინე გორგოძე კი – ინდოელს
  • ავსტრალიის ღია პირველობა 2021 წლის პირველი სლემ-ტურნირია

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების ქალთა ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად 2 ქართველი ჩოგბურთელი იბრძოლებს. მარიამ ბოლქვაძესა და ეკატერინე გორგოძეს მიზნის მისაღწევად 3-3 მატჩის მოგება მართებთ.

გორგოძე კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ხორვატ იანა ფეტს ეთამაშება. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 217-ე ადგილზეა, 24 წლის ხორვატს კი 209-ე პოზიცია უკავია. თუკი ეკატერინემ იანას აჯობა, მე-2 წრეში 28-ე ნომრად განთესილ რუმინელ ნიკულესკუსა და ბრიტანელ ჯონსს შორის უმჯობესს ეთამაშება.

ეკატერინე გორგოძე

გორგოძის მსგავსად, ორშაბათს, 11 იანვარს ჩაებმება ტურნირში 23 წლის მარიამ ბოლქვაძე, რომელიც WTA-ს რეიტინგში 192-ეა. ქართველი ჩოგბურთელი უდავო ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ 22 წლის ინდოელ კარმან ტანდისთან შეხვედრაში, რომელიც მსოფლიოს 626-ე ჩოგანია. ინდოელ მეტოქესთან გამარჯვების შემთხვევაში, მარიამი მე-14 ნომრად განთესილ რუს გასპარიანსა და იტალიელ დი ჯიუზეპეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გასულ წელს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გორგოძემ სლოვენიელ კაია იუვანთან 1:6, 0:6 წააგო, ბოლქვაძე კი ამერიკელ კაროლაინ დოლეჰაიდთან 3:6, 2:6 დამარცხდა.

ცნობილია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაში კიდევ ორ ქართველ ჩოგბურთელს აქვს განაღდებული. სავარაუდოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კაცთა ტურნირში, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში გაირჯება, ოქსანა კალაშნიკოვა კი, ტრადიციულად, მხოლოდ წყვილებში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები