Thumbnail

დიდი ჩემპიონების გარეშე - ტოჩინოშინი წლის პირველ ბაშოს მონღოლით იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰაცუ ბაშო: 10-24 იანვარი
  • ელიტის 42 რიკიშიდან დოჰიოზე მხოლოდ 36 ავა

10 იანვარს ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში", რომელიც სუმოს მექად არის ცნობილი, 2021 წლის პირველი დიდი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო დაიწყება. ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას რანგში იწყებს 33 წლის ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე).

ჰაკუჰო და კაკურიუ, იანვრის ბაშოზე არც ერთი დიდი ჩემპიონი არ იქნება

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია ამ ტურნირზეც. მას მერე, რაც დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს COVID-19 დაუდგინდა, იაპონიის სუმოს ასოციაციამ გადაწყვიტა, სუმოისტთა საყოველთაო შემოწმება ჩაეტარებინა, რის გამოც ბაშოს პირველი ორი დღის გრაფიკი ტრადიციული პარასკევის ნაცვლად შაბათს გამოქვეყნდა.

საბედნიეროდ, ქართველი სუმოისტის ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო და ის აუცილებლად იასპარეზებს ბაშოზე, მაგრამ გამოკლებულთა რიცხვი შთამბეჭდავია.

COVID-19-ის ან ახლო კონტაქტობის გამო ან სულაც ტრავმების გამო ბაშოს სტარტს და, ალბათ, მთელ ტურნირსაც გამოტოვებენ: ჰაკუჰო, კაკურიუ, ვაკატაკაკაგე, ჩიონოკუნი, ჩიოტაირიუ, ჩიოშიმა, კაისეი, იშიურა, ჩიომარუ, ჩიონოო, ენჰო, კიოკუშუჰო, ვაკამოტაჰარუ, ჩიოოტორი, კიოკუტაისეი და ჩიონოუმი. 

ასე რომ, ელიტაში 21 წყვილის ნაცვლად პირველ დღეს დოჰიოზე მხოლოდ 18 წყვილი ავა. 10 იანვარს ტოჩინოშინი ბაშოს მე-4 მაეგაშირა ტამავაშისთან ორთაბრძოლით დაიწყებს. 36 წლის მონღოლი ქართველი სუმოისტისთვის კარგად ნაცნობია - 21:12 ტოჩინოშინის სასარგებლოდ. მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, 35 წლის იაპონელს ტოჩინოშინი 9:7-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ნოემბერში წარმატებული ბაშო ჰქონდა (9-6 ბალანსი) და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა (მე-7 იყო). 33 წლის ქართველი სუმოისტისთვის ჰაცუ ბაშო, რომელიც 10-24 იანვარს ტოკიოშია დაგეგმილი, კარიერაში 88-ე იქნება, რომელთაგანაც ელიტაში 67 გაუმართია. 

კომენტარები

ბოლო ამბები