Thumbnail

'გვიყვარს ჩვენი ძმა' - ირვინ რივერას მისგან დაზარალებული დები იცავენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის მებრძოლი, რომელმაც თავის დებს ჭრილობები მიაყენა, დაკავებულია
  • ლესლი რივერას თქმით, რომ მის ძმას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს
  • მექსიკელი მებრძოლი შარშან რინგზე გიგა ჭიკაძემ დაამარცხა  

შერეული ორთაბრძოლების მექსიკელი მებრძოლის ირვინ რივერას დამ, ლესლი რივერამ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ირვინმა დანაშაული გაუაზრებლად ჩაიდინა და მას ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ, UFC-ის 31 წლის მებრძოლმა მასთან სტუმრად მყოფი დების, ლესლისა და კელის მოკვლა სცადა. ირვინი მძინარე დებს თავს დანით დაესხა და მათ ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიამალა. მოგვიანებით ის ფლორიდის შტატის პოლიციამ დააკავა. 

ირვინ რივერას ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება 

საბედნიეროდ, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაკავებული ირვინ რივერას თქმით კი, დანაშაულის ჩადენისას ის "ზებუნებრივი ძალის" კარნახით მოქმედებდა. 

ლესლი რივერა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და კელის ძველებურად უყვართ თავიანთი ძმა და მისთვის დახმარება სურთ.

"მე და კელი კარგად ვართ. გვსურს, რომ ვითარებას ნათელი მოვფინოთ. გვიყვარს ჩვენი ძმა და ყველამ, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს, იცის, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. ერთადერთი, რაც გვსურს, ისაა, რომ ჩვენმა ძმამ ფსიქოლოგიური დახმარება მიიღოს, რომელიც მას ასე სჭირდება. 

ბოლო დღეების განმავლობაში ის უცნაურად იქცეოდა. მას არ ეძინა და არ საუბრობდა, ან ლაპარაკობდა თავისთვის. მან დაკარგა ვარჯიშისადმი ინტერესი, რომელიც მისი ცხოვრების აზრია. ეს გვაშფოთებდა და სწორედ ამიტომ, მე და ჩემი და მასთან ჩავფრინდით, რათა გაგვეგო, რა ხდებოდა. სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა. 

სიტუაცია ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის რთულია, მაგრამ გთხოვთ, ილოცეთ ჩვენი ძმისთვის, რათა გონზე მოვიდეს და დაგვიბრუნდეს. ვიმეორებ: გვიყვარს ჩვენი ძმა, მას მხარს სრულებით ვუჭერთ და გვინდა, მიიღოს დახმარება, რომელიც მას ასე სჭირდება".

გიგა ჭიკაძემ (მარცხნივ) ირვინ რივერა შარშან დაამარცხა

ირვინ რივერამ თავისი ბოლო ბრძოლა შარშან სექტემბერში ჩაატარა - იგი ანდრე იუელთან ქულებით დამარცხდა. მექსიკელი მებრძოლი მაისში ქართველ გიგა ჭიკაძესაც ჰყავს დამარცხებული. გიგამ რივერას სამრაუნდიან ჩხუბში, მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.

ბოლო ინფორმავიით, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და დაკავებული ირვინ რივერას ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა. საქმეზე მოსმენის დაწყება 4 მარტიდან იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები