Thumbnail
  • ყატარის დედაქალაქი პრესტიჟულ ტურნირს 11-13 იანვარს უმასპინძლებს
  • საქართველო შეჯიბრზე 13 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტით წარსდგება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, სადაც 11-13 იანვარს 2021 წლის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი – მასტერსი ჩატარდება.

რეგლამენტის თანახმად, პრესტიჟულ შეჯიბრზე თითოულ წონით კატეგორიაში 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს და გასაკვირი არაა, რომ ქართული დელეგაციის ძირითადი ნაწილი, კერძოდ კი, 13 სპორტსმენი ვაჟთა ნაკრებზე მოდის, ქალთა გუნდში კი 2 წევრია.

ვაჟებში მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ყველა +100 კგ.) იბრძოლებენ, ქალებში კი – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

ამ დროისთვის, დოჰას მასტერსზე 70 ქვეყნის წარმომადგენელი ზუსტად 400 ძიუდოისტია (215 კაცი+185 ქალი) დარეგისტრირებული. ტურნირის წილისყრა 10 იანვარსაა დაგეგმილი, შეჯიბრების განრიგი კი ასე გამოიყურება: 11 იანვარი – კაცები (60, 66 კგ.), ქალები (48, 52, 57 კგ.); 12 იანვარი – ჯაცები (73, 81 კგ.), ქალები – (63, 70 კგ.), 13 იანვარი – კაცები (90, 100, +100 კგ.), ქალები – (78, +78 კგ.).

ტრადიციულად რიგითი ტურნირებიგან გამორჩეულია მასტერსის საპრიზო ფონდიც, რომელიც ასე გადანაწილდება: I ადგილი – 6 000 ევრო (4 800 ძიუდოისტს, 1 200 მწვრთნელს), II ადგილი – 4 000 (3 200 ძიუდოისტს, 800 მწვრთნელს), III ადგილი – 2 000 (1 600 ძიუდოისტს, 400 მწვრთნელს). ამას გარდა, კაცთა და ქალთა შორის საუკეთესოები დამატებითი 2 000-2 000 ევროს მიიღებენ.

ცნობისთვის, გასულ წელს მასტერსი კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა, 2019 წელს კი, ჩინურ ცინდაოში ქართულმა დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა: კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ბექაური (90 კგ.) ავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები