Thumbnail

‘სირთულეები წარმოიქმნა’ - ფორმულა 1-ის სეზონი ავსტრალიაში არ დაიწყება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორონავირუსი ფორმულა 1-ს წელსაც პრობლემებს შეუქმნის
  • კალენდარი ჯერ კიდევ დაუდგენელია
  • უკვე ცნობილია, რომ სეზონი ავსტრალიაში არ იწყება

ფორმულა 1-ის მოყვარულთათვის ეს არასასიამოვნო ინფორმაციაა: ავსტრალიის გრანპრი, რომლითაც 2021 წლის სეზონი უნდა დაწყებულიყო, უნდა გადაიდოს. ეს ამბავი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ასტონ მარტინის მილიარდერმა შეფმა ლოურენს სტროლმა განაცხადა, რომ ახალი სეზონი ავსტრალიაში არ დაიწყება და დეტალებზეც ისაუბრა.

“მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ მელბურნის გრანპრი გადაიდება,” - განუცხადა სტროლმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს. მისი თქმით, ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, ავსტრალიის გრანპრი “სადღაც შემოდგომაზე” უნდა გაიმართოს. “ახალი სეზონის პირველი რბოლა ბაჰრეინში შედგება,” - დასძინა სტროლმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული სირთულეების წარმოქმნაზე საუბრობს: “ვფიქრობ, პირველ 2-3 თვეში რაღაც სირთულეები შეგვექნება. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ვაქცინა უკვე არსებობს და ეს არის სინათლე გვირაბის ბოლოს.”

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსმა ფორმულა 1-ის სეზონი 2020 წელსაც მკვეთრად შეცვალა. საერთო ჯამში 13 დაგეგმილი გრანპრი გაუქმდა. საბოლოო ჯამში, FIA-მ კალენდარს გარკვეულწილად უშველა ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორებიც იყო პორტუგალია, თურქეთი, გერმანია და ტოსკანა. წინა სეზონში ჯამში 17 რბოლის ჩატარება მაინც მოხერხდა.

“ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა და FIA მხოლოდ შექებას იმსახურებს. ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და შარშანდელი გამოცდილებით უკვე ყველამ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ წელს,” - დაამატა ასტონ მარტინის შეფმა.

ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტად როგორი იქნება 2021 წლის კალენდარი. სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ბაჰრეინში სტარტის შემდეგ, ფორმულა 1 პორტუგალიაში გადაინაცვლებს, მერე კი იმოლას გრანპრი გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები