Thumbnail

ტოჩინოშინს ტესტს აუღებენ - COVID 19-მა გეგმები სუმოისტებსაც აურია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კორონავირუსზე იანვრის ტურნირის ყველა მონაწილეს შეამოწმებენ
  • ამის გამო, სასტარტო დღეების განრიგი მოგვიანებით გამოცხადდება

იაპონიის სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, წლის პირველი სუპერტურნირის სტარტამდე კორონავირუსზე სავალდებულო ტესტის გავლა ყველა მონაწილეს მოუწევს, მათ შორის, ქართველ სეკიტორ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს.

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოს უკვე ჩამოშორდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელსაც COVID 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ვირუსი სუმოს სამყაროს კიდევ არაერთ წარმომადგენელს გამოუვლინდა, რამაც სუმოს ასოციაციას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ უბიძგა.

შედეგად, ტესტს აუღებენ მოახლოებული ტურნირის ყველა მონაწილეს, გიოძისა (მსაჯი) და იობიდასის (გამომცხადებელი). ცხადია, რომ პასუხს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინიც დაელოდება, რომელსაც გასული წლის ნოემბერში წარმატებული ბაშო ჰქონდა (9-6 ბალანსი) და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა (მე-7 იყო). 33 წლის ქართველი სუმოისტისთვის ჰაცუ ბაშო, რომელიც 10-24 იანვარს ტოკიოშია დაგეგმილი, კარიერაში 88-ე იქნება, რომელთაგანაც ელიტაში 67 გაუმართია.

გაუთვალისწინებელი პროცედურების გამო, შეიცვალა პროფესიულ სუმოში მრავალი წლის განმავლობაში გაწერილი გეგმა და ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი არა - პარასკევს, არამედ შაბათს გამოქვეყნდება ანუ მას შემდეგ, რაც ტესტირების პასუხები გახდება ცნობილი.

სხვათა შორის, დღესვე გაირკვა, რომ წლის პირველ სუპერტურნირზე ვერ ვიხილავთ კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს, რომელსაც ტრავმა აწუხებს, ამგვარად, ჰაცუ ბაშო დიდი ჩემპიონების გარეშე ჩაივლის. 35 წლის წერო-დრაკონს წელი აწუხებს, თუმცა, კარიერის დასრულებას არ აპირებს და დოჰიოზე დაბრუნება გაზაფხულის სუპერტურნირისთვის სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები