Thumbnail

სეტ კარიმ COVID-ტესტზე პასუხი მატჩის დროს მიიღო - პრობლემები ფილადელფიაში

  • ბრუკლინ ნეტსი 122:109 ფილადელფია სიქსერსი
  • ფილადელფიას მცველმა დაინფიცირების შესახებ არენაზე მყოფმა შეიტყო
  • სეტ კარი იზოლირებულია, გუნდში კი მის კონტაქტებს კი სწავლობენ

ფილადელფია სიქსერსის მცველს სეტ კარის კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა, ინფიცირების შესახებ კი მან და მისმა გუნდმა, სტუმრად ნიუ იორკში, ბრუკლინ ნეტსთან შეხვედრის მიმდინარეობისას შეიტყვეს. 

სეტ კარიმ ბრუკლინთან მატჩის წინ ტესტის პასუხი ჯერ კიდევ არ იცოდა

თავად სეტ კარის თამაშში მონაწილეობა არ მიუღია მარცხენა ფეხში ტკივილის გამო, თუმცა არენაზე თანაგუნდელების მხარდასაჭერად მაინც გამოცხადდა. მატჩის პირველი მეოთხედის დროს კარი სიქსერსის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, მაგრამ როდესაც კორონავირუსზე დადებითი პასუხის შესახებ აცნობეს, იქაურობა სასწრაფოდ, გუნდისგან განცალკევებულმა დატოვა და იზოლაციაში გადავიდა.

ნიუ იორკში, "ბარკლაის-ცენტრში" ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 122:109 დასრულდა. ბრუკლინში საუკეთესო ჯო ჰარისი იყო, რომელმაც თავის გუნდს 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. 

იზოლაციაში გადასვლა სეტის თანაგუნდელებსაც შეიძლება მოუხდეთ

ფილადელფია, რომელსაც ჩატარებულ 9 თამაშში 7 მოგება აქვს, NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერად რჩება. მატჩის შემდეგ გუნდი ნიუ იორკში დარჩა, რათა კლუბის წარმომადგენელთა კონტაქტების შესწავლა მოხდეს. ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსთან დაკავშირებით ლიგაში არსებული პროტოკოლის თანახმად, სიქსერსს რამდენი კალათბურთელი გამოაკლდება. ცნობისთვის, ჯანმრთელი მოთამაშისთვის, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, ერთკვირიანი კარანტინია დაწესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები