Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი მოგებით დაიწყო - წარუმატებელი სერია დასრულდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 7:5, 6:1 ანდრეა არნაბოლდი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა წაგებათა 11-მატჩიანი სერია შეწყვიტა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხანგრძლივი წარუმატებელი სერია, რომელიც ლამის წელიწადი გაგრძელდა, დაასრულა.

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში ამჟამად მე-40 ადგილს იკავებს, წლის პირველი მატჩი ანტალიის საერთაშორისო ტურნირში გამართა და წაგებთა 11-მატჩიანი სერია შეწყვიტა. ბოლოს ნიკას მოგებული დევისის თასზე, შარშან მარტში გამართული სანაკრებო მატჩი ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ტურნირში მე-6 ნომრად არის განთესილი, საწყის რაუნდში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის (267-ე რეიტინგში) სამ სეტში მოუგო. ნიკამ მეტოქეს მხოლოდ პირველი სეტი დაუთმო, მომდევნო ორში კი დამაჯერებლად ითამაშა და მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ბასილაშვილის ანგარიშზე 3 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და 17-იდან 6 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. არნაბოლდიმ 2-ჯერ ეისი მოაწოდა, დაუშვა 1 ორმაგი შეცდომა და 5-იდან 4 ბრეიკი გამოიყენა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ტურნირის 1/8-ფინალში, "უაილდ ქარდის" მქონე თურქ ალტუგ ჩელიკბელეკსა (309-ე ჩოგანი) და პოლონელ კასპერ ჟუკს (262-ე) შორის გამარჯვებული იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 361 800 ევროა, ბოლოს 2018 წელს ითამაშა და მაშინ ¼-ფინალში გავიდა. ამჯერად ბასილაშვილი ანტალიაში წყვილთა თანრიგშიც გამოდის, სადაც გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ითამაშებს, 8 იანვარს დაგეგმილ საწყის მატჩში კი თურქებს - უმუთ აკოინსა და მერტ ნაჩი ტურკერს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები