Thumbnail

'ამერიკის სამარცხვინო დღე' - NBA-ს რეაქცია კაპიტოლიუმის შტურმზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • NBA-ში კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეების თავდასხმას გამოეხმაურნენ
  • ლიგის მწვრთნელები და კალათბურთელები მომხდარს ერთხმად გმობენ

დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ, ვაშინგტონში, კაპიტოლუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას NBA-ში კრიტიკულად გამოეხმაურნენ. 

ტრამპის მომხრეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, აშშ-ის კონგრესში შეიჭრნენ. სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სტენ ვან განდი (ნიუ ორლეან პელიკანსის მთავარი მწვრთნელი): "იქნებოდა ფედერალური ხელისუფლების რეაქცია კაპიტოლიუმში მომხდარზე ისეთივე, შენობაში Black Lives Matters-ის დემონსტრანტები რომ შეჭრილიყვნენ? გახსოვთ, როგორ რეაგირებდნენ ისინი ორეგონში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც აცხადებდნენ, რომ მათი ქმედებები უაცილებელი იყო ფედერალური საკუთრების დაცვისთვის?

თუკი ამერიკელი ხარ და არ გაშფოთებს ის შიდა ტერორიზმი, რაც კაპიტოლიუმში ხდება, ე.ი. რაღაც წესრიგში ვერ გაქვს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო დღეა".

დოკ რივერსი (ფილადელფიას მთავარი მწრთნელი): "წარმოგიდგენიათ, შავკანიან ადამიანებს რომ კაპიტოლიუმზე იერიში მიეტანათ, რა მოხდებოდა? არავისკენ გაუშვიათ პოლიციის ძაღლები, არავისთვის დაირტყამთ ხელკეტი. ხალხი მშვიდობიანად გამოჰყავდათ კაპიტოლიუმიდან. თურმე მშვიდობიანადაც შეიძლება ადამიანების მასის დაშლა".

კავაი ლეონარდი (კლიპერსის მოთამაშე): "ჩემთვის რთული არ ყოფილა ამ დღეს კალათბურთის თამაში. ეს ჩვენი სამუშაოა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ. რაც შეეხება კაპიტოლიუმის შტურმს, ვითარება სხვა იქნებოდა, შენობაში რომელიმე ჩვენგანი რომ შეჭრილიყო. ჩვენს წინააღმდეგ ცრემლსადენ აირს, ხელკეტებს გამოიყენედნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ტყვიაც ესროლათ".

კევინ ლავი (კლივლენდის კალათბურთელი): "დიდი სირცხვილია, რაც აშშ-ის კაპიტოლიუმში ხდება. წარმოუდგენელი უსამართლობის მაგალითი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ამ ამბებთან დაკავშირებით აჩვენებენ".

კაილ ლოური (ტორონტოს კალათბურთელი): “ტრამპი კრიმინალია. ის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს”

ჯამალ კროუფორდი (ბრუკლინის კალათბურთელი): "ასე მხოლოდ ის ადამიანები იქცევიან, რომლებიც თავს პრივილიგებულებად გრძნობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ არაფერი ემუქრებათ".
 
გარეტ ტემპლი (ჩიკაგოს კალათბურთელი): "ეს არის თეთრკანიანების პრივილეგიების აღდგენა და ტრამპის მმართველობის იდეალური დასასრული!"

კომენტარები

ბოლო ამბები