Thumbnail

NBA-ში რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს კლიპერსმა კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის შედეგიანი თამაშის წყალობით, სტუმრად გოლდენ სტეიტს მოუგო. 

სტუმრები პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ ანგარიშში უპირატესობას. გოლდენ სტეიტს შანსი ბოლო მეოთხედში მიეცა, თუმცა პერიოდის დასაწყისში მოპოვებული 6-ქულიანი უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა და საბოლოდ 7 ქულის სხვაობით დამარცხდა.

კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა 21-21 ქულა ჩააგდეს. ამ უკანასკნელმა სულაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 21 ქულას 12 მოხსნაც დაუმატა. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ამ შეხვედრაში დუბლით გამოირჩა, სერჟ იბაკა იყო. კლიპერსის 31 წლის ცენტრმა თამაში 12 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

სტეფ კარისთვის დღე უიღბლო გამოდგა

კალიფორნიულ გუნდში 19-19 ქულა ენდრიუ უიგინსმა და ერიკ პესკელმა მიითვალეს. უორიორსს მხოლოდ 13 ქულით დაეხმარა სტეფ კარი. ამ უკანასკნელს საკმაოდ ცუდი სტატისტიკა ჰქონდა - 17 სროლა თამაშიდან და აქედან ზუსტი მხოლოდ 5 (6-იდან 1 სამქულიანი).

კარიმ თამაშის მიწურულს კოჭი გადაიბრუნა, თუმცა როგორც თამაშის შემდეგ გოლდენ სტეიტის მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, სავარაუდოდ, დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს. 

📺 გოლდენ სტეიტი V კლიპერსი

გოლდენ სტეიტსა და ლოს ანჯელეს კლიპერსს ერთმანეთის წინააღმდეგ ამავე მოედანზე გასვლა კიდევ ერთხელ 9 იანვარს მოუწევთ. უორიორზს ჩატარებულ 8 მატჩში 4 მოგება აქვს, კლიპერსმა 9 შეხვედრიდან 6 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები