Thumbnail

'სანტა-კლაუსმა უკვე დამასაჩუქრა' - პოჩეტინომ მესიზე და ნეიმარზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაურისიო პოჩეტინოს პირველი პრესკონფერენცია პსჟ-ში
  • არგენტინელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის რანგში მაურისიო პოჩეტინომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდის მდგომარეობაზე, სავარაუდო ტრანსფერებზე, კილიან მბაპესა და ნეიმარზე ისაუბრა. პოჩეტინოს განცხადებით, მისთვის ოცნება ახდა და ძალიან ბედნიერია, რომ პარიზში 17-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა:

"პარიზში დაბრუნების ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. კლუბი ძალიან შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მე წავედი, მაგრამ იგივე ვნება მაქვს. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს პსჟ-ს მწვრთნელობა", - თქვა მაურისიომ.

პოჩეტინომ პსჟ-ში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა

პოჩეტინოს ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს. არგენტინელ ვარსკლავს დიდი ხანია პსჟ-ს უკავშირებენ და პოჩეტინოს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. თუმცა, მან მესიზე კითხვას თავი აარიდა:

"სანტა-კლაუსი ჩემდამი უკვე გულუხვობით გამოირჩა, რომ აქ დაბრუნების შესაძლებლობა მომცა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პრეზიდენტ ნასერსა და ლეონარდოს ნდობისთვის. ისეთ დიდ გუნდებზე, როგორც პარი სენ-ჟერმენია, ყოველთვის არსებობს ჭორები, მაგრამ მე ახლახან მოვედი კლუბში და პირველ რიგში ადაპტაციაზე უნდა ვიფიქრო", - განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა.

თუ მესიზე კითხვას თავი აარიდა, კრისტიან ერიკსენის ტრანსფერის ალბათობა არ გამორიცხა და თქვა, რომ კლუბი ყველა შესაძლებლობას განიხილავს:

"სატრანსფერო ჭორებზე კომენტარის დრო არ არის, მხოლოდ რამდენიმე დღეა აქ ვარ. თვალყურს ვადევნებთ ჩვენი ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელების პროცესს, ვესაუბრებით ლეონარდოს და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რაც ამ რთულ პერიოდში გვექნება", - ამბობს არგენტინელი.

პოჩეტინომ ნეიმარზეც ილაპარაკა

ბოლოს, სამხრეთამერიკელმა კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ გააკეთა კომენტარი და მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი ლიდერი ჰყავს გუნდს, უკეთესია:

"მბაპე დიდი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში თამაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეძლოს თავისი პოტენციალისა და ნიჭის გამოხატვა მოედანზე. როდესაც ნეიმარი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, ვიპოვით მისთვის საუკეთესო პოზიციას, რათა მანაც საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავის თავი. ჩვენ არ გვიყვარს სათამაშო სისტემებზე საუბარი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ფეხბურთელმა და მათ შორის, ნეიმარმაც წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ჩვენ რამდენიმე ლიდერი გვყავს და რაც უფრო მეტი ლიდერია, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში, ეს მით უფრო სასარგებლოა კლუბისთვის", - დასძინა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინომ პარი სენ-ჟერმენში ტომას ტუხელი შეცვალა და გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი დებიუტი პარიზული გუნდის თავკაცის პოსტზე 6 იანვარს, სენტ ეტიენთან შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები