Thumbnail

კორონავირუსით გამოწვეულ იძულებით პაუზას ერთი დადებითი მხარეც ჰქონდა: საკმარისი დრო მოგვეცა იმისათვის, რომ ძველი თამაშები გვენახა. ჩვეულებრივ, გადატვირთული სპორტული კალენდრის პირობებში ამის შესაძლებლობა ნაკლებად არის ხოლმე. იმ ფონზე, როდესაც დიდი ფეხბურთი ეკრანებზე, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმშია, როგორ თამაშობდა ლუი ვან გაალის აიაქსი, ნაკლებად აქტუალური საკითხია. 90-იანების თამაშებს რომ ვუყურე, საკუთარი თავი იმ აზრზე დავიჭირე, რომ ის ფეხბურთი, პირადად ჩემთვის, უფრო სასიამოვნო საყურებელია. ჩნდება კითხვა: რატომ?

მრავალფეროვანი თამაში

90-იანების თამაშში არიგო საკის ეპოქიდან დაიწყო - მას შემდეგ, რაც დაცვა ზონურ პრინციპზე გადავიდა და ალბათ 2000-იანების დასაწყისამდე, გვარდიოლას ეპოქამდე გაგრძელდა.

იმ დროის თამაშს რომ უყურებ, თვალში გხვდება, რომ ფეხბურთი სტილით უფრო მრავალფეროვანია. გლობალური საფეხბურთო მიგრაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. გუნდებში თავისი ქვეყნის წარმომადგენლები ჯერ კიდევ უმრავლესობაში არიან. თითოეულ ლიგას თავისი სახასიათო სტილი აქვს.

საფეხბურთო (და არასაფეხბურთო) გლობალიზაციამ ის მოიტანა, რომ დომინანტური და წარმატებული სტილი და სისტემა სწრაფად ვრცელდება. დღეს, მაგალითად, პრემიერლიგაში, შესაძლოა ნახოთ ორი გუნდი, რომელიც ტიპურ ესპანურ ფეხბურთს თამაშობს. ამ ფეხბურთის სათამაშოდ შესაბამისი მწვრთნელების და ლეგიონერების პოვნაც რთული არ არის - ასეთი ამბები ერთ სატრანსფერო ფანჯარაში გვარდება.

საფეხბურთო მიგრაცია ადრეულ ასაკში იწყება. სკაუტების სისტემა ისეა აწყობილი, რომ დედამიწის ყველა კონტინენტზე ნიჭიერი მოზარდის შესახებ ტოპ-კლუბებმა ძალიან ადრევე იციან. ეს მოზარდებიც დიდი კლუბების სისტემაში იმდენად ადრეულ ასაკში ხვდებიან, რომ თავის სათამაშო სტილს დიდწილად სწორედ ამ სისტემაში იყალიბებენ და არა ქუჩაში, ან თავის მშობლიურ კულტურულ გარემოში. შედეგად, მაღალი კლასის, თუმცა სტანდარტულ, სტილით ერთმანეთის მსგავს ფეხბურთელებს ვიღებთ.

ნაკლები კონკურენცია

ამ პუნქტში ალბათ ყველაზე მეტად დამეთანხმებით. დიდი ფულის შემოსვლამ ფეხბურთი კიდევ უფრო ელიტური გახადა. პრემიერლიგის გარდა, ყველა სხვა ლიგაში დომინანტი გუნდები წარმოიშვნენ, რომელთა ეკონომიკური უპირატესობა იმდენად დიდია, რომ კონკურენციას აზრი თითქმის აღარ აქვს. ეს სხვაობა ყოველთვის იყო, თუმცა დღეს გუნდების ეკონომიკურ რესურსებს შორის უფსკრული კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კარგი ფეხბურთელები კარიერის დასაწყისშივე ეკონომიკურად დომინანტ გუნდებში მიდიან. გაბრიელ ბატისტუტა თანამედროვე ფეხბურთის პირობებში ფლორენციის ფიორენტინას კალიბრის გუნდში წარმოგიდგენიათ?!

იორგ ჰაინრიხი, გაბრიელ ბატისტუტა და მანუელ რუი კოშტა ფიორენტინაში

შესაბამისად, კონკურენციამ იკლო. ე.წ. მეორე ეშელონის გუნდები თავიანთ ვარსკვლავებს იმდენად სწრაფად კარგავენ, რომ თუნდაც ლოკალურ დონეზე კონკურენტული გუნდის ჩამოყალიბებას ვეღარ ასწრებენ. 

ზემოთ სერია A და ფიორენტინას მაგალითი მოვიყვანე: 90-იანებში სკუდეტოს ამბიცია ერთდროულად 5-6 გუნდს ჰქონდა, დღეს რომას, ფიორენტინას და ლაციოს ტიპის გუნდები თავის ლიდერებს ერთი წარმატებული სეზონის შემდეგ კარგავენ. ერთ წელიწადში კიდევ საჩემპიონო გუნდი რთულად კეთდება.

კოლექტივიზმი თუ ინდივიდუალიზმი

ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე თამაში უფრო კოლექტიური ხდებოდა. გვარდიოლას რევოლუციის შემდეგ თანამედროვე ფეხბურთში ორი ყველაზე მთავარი კომპონენტი - პრესინგი და ბურთის ფლობა-გათამაშება გახდა. ორივე ეს კომპონენტი კოლექტიური საქმეა. პრესინგს მარტო ვერ ითამაშებ. შესაბამისად, გვარდიოლას გუნდებს ყველაზე ნაკლებად შეიძლება მოსაწყენი უწოდო, თუმცა ამ სტილმა ის გავლენა იქონია, რომ მოთამაშეებს უფრო მეტი კოლექტიური პასუხისმგებლობები გაუჩნდათ.

დღეს კარგ ფეხბურთელს ბურთის დაჭერა კარგად უნდა შეეძლოს, თუმცა ამ ბურთს თავის ნებაზე ვეღარ მოექცევა - ის კოლექტიური თამაშის ნაწილია. ეს კი ინდივიდუალიზმს სპობს. დღევანდელ თამაშში უფრო მეტი გოლი გადის, თუმცა გუნდებს რაოდენობრივად უფრო ცოტა შეტევა აქვთ. ეს იმიტომ, რომ ბურთს (და შესაბამისად შეტევას) უფრო მეტად უფრთხილდებიან. ანუ ეფექტიანობა გაიზარდა, თუმცა იმის ხარჯზე, რომ თამაში უფრო დოგმატურია, ეფექტურობა შემცირდა.

წაიკითხეგიორგი ფირცხელანი: ძველი ფეხბურთის გამოსათხოვარი

ამას დაემატა ფეხბურთში მოწინავე სტატისტიკის და განვითარებული ტექნოლოგიების შემოსვლა. სამწვრთნელო შტაბი ითვლის ყველაფერს - სანტიმეტრებით ითვლიან განლაგებას, ყველა ტექნიკურ დეტალს და პარამეტრს. მოთამაშეებიც ამ ინდიკატორების და მონაცემების მიხედვით იწყებენ თამაშს. შედეგად, ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის, თუმცა მაინც კოლექტიურ თამაშს ვიღებთ, ინდივიდუალური მაგიისა და მინიმუმამდე დაყვანილი ადამიანური ფაქტორის გარეშე.

90-იანების ფეხბურთი იმდენად კოლექტიური და დინამიური იყო, რომ თანამედროვე ესთეტიკაში ჯდება - ანუ, ეს მაინც თანამედროვე ფეხბურთია. თუმცა, 90-იანები თანამედროვე ფეხბურთზე მეტად უზრუნველყოფდა ინდივიდუალიზმს, ტოვებდა სივრცეს და შესაძლებლობებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისთვის. 

რა იქნება მესის და რონალდოს შემდეგ

მთელი ეს ზემოთ მოტანილი თეორიები თეორიებად რომ არ დარჩეს, ცოტა კონკრეტიკას მივმართავ. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს განაპირობებს - სუპერვარსკვლავების, ანუ იმ დიდი ინდივიდუალისტების ადგილი, რომელთა გამოც გულშემატკივარს ფეხბურთი უყვარს, ამ სპორტში უფრო და უფრო ნაკლები რჩება. მოკლედ, ვიტყვი, საფეხბურთო ენაზე: ახალი თაობის რამდენი დიდი ‘ათიანი’ იცით? იტალიური ფეხბურთის მაგალითი იყოს: ამ ქვეყანას დიდი ათიანების კულტურა ჰქონდა - უკან გაუვალი დაცვა და წინ რივერა, მაცოლა, ბაჯო, დელ პიერო, ან ტოტი თამაშს აკეთებდენ. ბევრი წელია, იტალიას ამ ტიპის ფეხბურთელი საერთოდ აღარ ჰყავს.

1998 წლის მუნდიალზე ბაჯომ 10 ნომერი დელ პიეროს დაუთმო და თვითონ 18 ნომრით თამაშობდა

უკვე 15 წელია, ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო თანამედროვე ფეხბურთის მთავარი აქტივია. ამ მოთამაშეებმა კარიერა 2000-იანების პირველ წლებში დაიწყეს. მათი ფეხბურთი მაშინ შეიქმნა. მათ უნიკალურობას ის განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალიზმი, ის მაგია, რის გამოც ფეხბურთს გულშემატკივარი ჰყავს, კოლექტიურ თამაშშიც არ დაკარგეს. გვარდიოლას ბარსელონას მისივე სიტისგან ან ბაიერნისგან მესის ჯადოქრობის ფაქტორი გამოყოფს. 

ლეოს და კრიშტიანოს რამდენიმე სეზონი დარჩათ. რა იქნება მათ შემდეგ? ბოლო ათმა წელმა სხვა დიდი, ეპოქალური მნიშვნელობის ვარსკვლავი ვეღარ შექმნა. ვინ არიან ბოლო ათი წლის საუკეთესო ინდივიდუალისტები? ედენ აზარი? ნეიმარი? პოლ პოგბა? არცთუ ისე შთამბეჭდავი სიაა (ვნახოთ, მბაპესგან რა გამოვა).

სამაგიეროდ, თანამედროვე თამაში ძალიან მდიდარია იმ ტიპის ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენი ეპოქის მთავარ ღირსებებს (ბურთის ფლობა, პრესინგი, სწორად თამაში) განასახიერებენ - ტონი კროოსი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი და სხვები. მათ არ ვაკნინებ - უდიდესი ფეხბურთელები არიან, თუმცა, მათზე უფრო მეტად კოლექტიური თამაშის ვარსკვლავები ითქმის.

მაგალითად, ბრაზილიელ ‘ელ ფენომენო’ რონალდოს ერთ მოძრაობაში უფრო მეტი გრაცია, მაგია, ფანტაზია და ინდივიდუალიზმი იყო, ვიდრე მთელ თანამედროვე ფეხბურთში. რონალდო თავისი ეპოქის პროდუქტი იყო.

ისტორიული ფოტო: მალდინი და კანავარო რონალდოს წინააღმდეგ

ახალი თაობის რამდენი მსოფლიო კლასის მცველი იცით? აი, ისეთი, მალდინის და ნესტას გვერდით მოხსენიება რომ არ გეუხერხულებათ? ვირჯილ ვან დაიკის გარდა, ჩვენი თაობის სხვა საუკეთესო მცველები (რამოსი, კიელინი, ატლეტიკოს დროინდელი გოდინი) ვეტერანები არიან - ანუ, ის ხალხი, რომელთაც ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ წინა ეპოქაში ისწავლეს. თუ მეტყვით, რომ მაგალითად, ემერიკ ლაპორტი ან მატს ჰუმელსი მაგარი მცველია, მხოლოდ გამეცინება. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, კარგად კითხულობენ თამაშს, კარგად იწყებენ შეტევას, თუმცა უშუალოდ დაცვა ნაკლებად ეხერხებათ. ჩვენს ეპოქაში დაცვა ნაკლებად ხისტი და ნაკლებად ‘ბინძური’ საქმეა - მცველები ამ საქმეს ქუჩაში კი არა, საფეხბურთო აკადემიებში სწავლობენ. აკადემიებში კიდევ ის რამეებს არ ასწავლიან, რაც მაგალითად, ფაბიო კანავარომ ნეაპოლის ქუჩებში ისწავლა.

იგივე ითქმის ფორვარდებზე - ე.წ. ‘კლასიკურ ცხრა ნომრებზე’. ორი ვეტერანის, ლუის სუარესის და რობერტ ლევანდოვსკის იქით, რამდენი კარგი თანამედროვე 9 ნომერი გახსნდებათ?! ერთხელ არსენ ვენგერმა თქვა და სრულად დავეთანხმები: კარგ თავდამსხმელს ის ეშმაკობა, არასტანდარტულობა და საფეხბურთო ‘სისასტიკე’ სჭირდება, რასაც თანამედროვე ევროპაში ვეღარ ნახავთ, უკეთეს შემთხვევაში სამხრეთ ამერიკაში შეიძლება იპოვოთო.

უფრო კონკრეტულად გეტყვით: მაგალითად, დიდიე დროგბა თავისი ხასიათით და სტილით ‘ქილერი’ იყო; რომარიო იმდენად არასტანდარტული, რომ ვერასოდეს გაიგებდი, რას აპირებდა. კრისტიან ვიერი ისე თამაშობდა, თითქოს ლელოს დადებას აპირებდა. მათ ერთი რამ ჰქონდათ საერთო: მეტოქის კარისკენ ისეთი გზები იცოდნენ, როგორსაც სტატისტიკა ვერ მიგასწავლის.

დასკვნა

ამ სტატიის მიზანი საერთოდ არ არის თანამედროვე ფეხბურთის კრიტიკა. როგორც ყველაფერს, ისე ფეხბურთსაც, თავისი განვითარების გზა და დინამიკა აქვს. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენი ეპოქის თამაში უფრო სწორი და მეცნიერული კი გახდა, მაგრამ რამდენად უფრო მეტად თვალსასეირო, ეს უკვე აღარ ვიცი. ამას თავისი მიზეზები აქვს - ეს სტატიაც ამ მიზეზებზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები