Thumbnail

პირველი ბაშო ლეგენდის გარეშე - ჰაკუჰოს კორონავირუსი დაუდასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰაცუ ბაშოზე ჰაკუჰო ვერ იასპარეზებს
  • ლეგენდარულ სუმოისტს კოვიდ-19 დაუდგინდა

მალე 2021 წლის პირველი ბაშო დაიწყება - ერთ-ერთი მთავარი გმირის გარეშე!

ჰაცუ ბაშოზე ყველა მონღოლი იოკოძუნის, ჰაკუჰოს დაბრუნებას ელოდა, რომელსაც ივლისის შემდეგ აღარ უასპარეზია, მაგრამ ეს არ მოხდება. იაპონური ფედერაციის (JSA) ინფორმაციით, ჰაკუჰოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

35 წლის ჰაკუჰომ, რომელიც 44 ტრიუმფით პროფესიონალური სუმოს რეკორდსმენია, ყნოსვა დაკარგა, რის შემდეგაც კოვიდ-19 ტესტის შედეგითაც დაუდასტურდა.

დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ოძეკი ტაკაკეშიო დეკემბრის ვარჯიშზე

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში კორონავირუსი სუმოს 11 წარმომადგენელს აღმოაჩნდა. აქედან მხოლოდ ერთია უმაღლესი დივიზიონიდან. თუმცა, ვირუსი რამდენიმე სკოლაში გავრცელდა და ამიტომ სულ უფრო ბევრ სუმოისტს უღებენ სინჯებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მაისში კოვიდით 20 წლის სუმოისტიც გარდაიცვალა.

იაპონია ახლა ინფექციის მესამე ძლიერ ტალღას ებრძვის. ქვეყნის პრემიერმინისტრი იოშიჰიდე სუგა ტოკიოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს. იაპონიის დედაქალაქში სამშაბათს კორონავირუსის 1278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ეს მეორე შედეგია მთელი პანდემიის განმავლობაში. ორშაბათს სუგამ განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთხელ გადადებაზე, ან გაუქმებაზე ჯერ არ ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები