Thumbnail
  • ეკიპმა გასული წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
  • გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბაიერნს ჰყავს
  • ბოლო წლების განმავლობაში პირველად, მესი სიმბოლურში ვერ მოხვდა

ფრანგულმა გამოცემა "ეკიპმა" გასული წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ბაიერნის ტრიუმფიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ გუნდში ყველაზე მეტი - 5 წარმომადგენელი სწორედ მიუნხენურ გრანდს ჰყავს.

ბაიერნის გარდა, სიმბოლურ გუნდში ერთზე მეტი მოთამაშე მხოლოდ ლივერპულს ჰყავს. "ეკიპის" გუნდის კარში მანუელ ნოიერი დგას, დაცვაში მისივე თანაგუნდელი, ბაიერნის სენსაცია ალფონსო დევისი, რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი და ლივერპულის დუეტი ვან დაიკი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დგანან.

რამოსის გოლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რეალის შარშანდელ ჩემპიონობაში, ვან დაიკი პლანეტის საუკეთესო მცველად მიიჩნევა, ხოლო ალექსანდერ-არნოლდი უკვე მეორე სეზონია ლივერპულის ლიდერია საგოლე გადაცემების რაოდენობით.

ბაიერნი გასული სეზონის მთავარი ტრიუმფატორია

შუა ხაზში ბაიერნის აწ უკვე ყოფილი დუეტი დგას - ტიაგო ალკანტარა და იოზუა კიმიხი. ტიაგო ამჟამად ლივერპულის შემადგენლობაშია, თუმცა ტრავმებისა და ავადმოყოფობის გამო სრულფასოვნად თამაში ჯერაც ვერ დაიწყო. მათ გარდა, შემტევ ნახევარმცველად სიტის ლიდერი კევინ დე ბრუინი და ნეიმარი არიან. ნეიმარის კანდიდატურა ალბათ ბევრ კითხვებს გამოიწვევს, თუმცა ეს იოლად აიხსნება იმ ფაქტით, რომ "ეკიპი" პარი სენ-ჟერმენთან დაახლოებული გამოცემაა და პრესაში, ტრადიციულად, პარიზული გრანდის ინტერესების დამცველია.

სიმბოლური ნაკრების შეტევაში იუვენტუსის კრიშტიანო რონალდო და წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი არიან გამწესებულები.

პირველად ბოლო მრავალი წლის განმავლობაში, "ეკიპის" სიმბოლურში ვერ მოხვდა ლეო მესი. ბარსელონას კატასტროფული სეზონიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები