Thumbnail

TOP 5 თამაში, რომელსაც 2021 წელს ველოდებით

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

2020 წელი გეიმინგისთვის ნამდვილად გამორჩეული იყო: უამრავი ახალი თამაშის გამოსვლასა თუ Playstation-ის ექსკლუზივების პერსონალურ კომპიუტერზე პორტირებასთან ერთად, იმ თამაშების ანონსებიც მრავლად ვიხილეთ, რომელსაც 2021-ში უნდა დაველოდოთ. 

ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ 2020 წლის 5 საუკეთესო თამაში. დღევანდელ სტატიაში კი იმ თამაშების სიას წარმოგიდგენთ, რომელსაც 2021-ში უნდა დაველოდოთ.

5.  Hogwarts Legacy 

ჰარი პოტერის ფრენჩაიზი ფანები დიდხანს ელოდნენ ჯოან როულინგის ფანტასტიკურ სამყაროზე დაფუძნებულ თამაშს. მართალია, წლების განმავლობაში, ვიხილეთ რამდენიმე პროექტი, მაგალითად, Philosopher’s Stone ორიგინალ ფლეისთეიშენზე და Book of Potions ფლეისთეიშენ 3-ზე და რამდენიმე თამაში სმარტფონისათვის, თუმცა, მათ მაინცდამაინც ვერ გაამართლეს იმედები. ფლეისთეიშენის თამაშები დაუხვეწავი იყო და ჰარი პოტერის სამყაროს მაგიას არ აჩვენებდა, ხოლო მობილური თამაშები ძირითადად მიკროტრანზაქციებზე დაფუძნებული და მეტისმეტად გამეორებადი იყო.

სწორედ ამიტომ, როცა გასულ სექტემბერს, PS5-ის შოუქეისზე დეველოპერულმა სტუდია Avalanche-მ, Warner Bros. Games-თან ერთად, შემდეგი თაობის კონსოლისთვის ახალი როლური თამაში Hogwarts Legacy დააანონსა, ფანების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

თამაშის ღია სამყაროს ტიპისაა და მისი მთავარი გმირი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა ჰოგვარტსში 1800-იან წლებში სწავლობს. სიუჟეტი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, "Hogwarts Legacy-ში გამოცდით მაგიის სკოლაში სწავლის სირთულეებს და ამოხსნით საიდუმლოს, რომელიც სამყაროს შეცვლის''.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშში ჩვენს საყვარელ გმირებს, ჰარის, რონსა და ჰერმიონს ვერ ვიხილავთ,  Hogwarts Legacy მაინც იმედისმომცემი და საინტერესო პროექტია, რომელსაც ღირს, რომ დაველოდოთ.

თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ, ის სავარაუდოდ 2021 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება გაყიდვაში.  Hogwarts Legacy ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალი თაობის კონსოლებზე (PS5 და X box Series X), ასევე PS4-ზე, X box One-სა და პერსონალურ კომპიუტერზეც.

4. Horizon Forbidden West

2021 წელს Guerrilla Games თავისი პოპულარული თამაშის, Horizon Zero Dawn-ის სიქუელს გვპირდება. Horizon პოსტ-აპოკალიფტური, ღია სამყაროს ტიპის თამაშია, რომლის მთავარი გმირიც მებრძოლი გოგონა ალოია. თამაშში ალოიმ დაკარგული დედა უნდა იპოვოს, თუმცა ამ მისიაზე ის აღმოაჩენს, საიდან მოდიან უცნაური, ცხოველების მსგავსი რობოტები, რომლებიც მის სამშობლოს ანადგურებენ. ალოის როლის შემსრულებელი, ეშლი ბარჩი, თამაშის მეორე ნაწილში, Horizon Forbidden West-ში დაბრუნდება, ასევე კვლავ ვიხილავთ ლენს რედრიკსაც, ალოის მეგობრისა და დამხმარის, სილენსის როლში.

Horizon Forbidden West-ის პირველი თრეილერი 11 ივნისს, PS5-ის ექსკლუზიური თამაშების პრეზენტაციაზე ვიხილეთ. თრეილერიდან სიუჟეტის შესახებ ვერაფერი შევიტყვეთ, თუმცა ვნახეთ მოწინააღმდეგეები, რომლებთან დაპირისპირებაც მოგვიწევს (ესენი მეტწილად რობოტი მამონტები და ალიგატორები იქნებიან). ასევე გავიგეთ, რომ Horizon Forbidden West-ს რამდენიმე წყალქვეშა ტური ექნება, რადგან თრეილერში განადგურებული წყალქვეშა ქალაქების ხედები ჩანდა, ალოი კი მყვინთავის კოსტუმში იყო გამოწყობილი.

Horizon Forbidden West ის ერთ-ერთი თამაშია, რომელზეც Sony დიდ იმედებს ამყარებს. პრეზენტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ახალი თაობის კონსოლებზე თამაშს ე.წ. "ჩატვირთვის პაუზები" საერთოდ არ ექნება და ღია სამყაროში სწრაფი მგზავრობისას, ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლის დრო მინიმალურია.

თამაში, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს გამოვა. ის ხელმისაწვდომი იქნება PlayStation 4-სა და PlayStation 5-ის მფლობელებისთვის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს Sony-მ, როგორც იქნა, დათმო ექსკლუზივი და Horizon Zero Dawn პერსონალურ კომპიუტერზეც ხელმისაწვდომი გახადა, იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წელს Horizon Forbidden West-ის თამაში სხვა პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი.

3. Far Cry 6

Far Cry 6-ში მოქმედება გამოგონილ ქვეყანა იარაში მიმდინარეობს, რომელიც კარიბის კუნძულებზეა მდებარეობს. აქ სიტუაცია უკონტროლოა: მოქალაქეები რევოლუციის გზით ხელისუფლებიდან სასტიკი დიქტატორის, პრეზიდენტ ანტუან კასტილოს ჩამოცილებას ცდილობენ. Ubisoft-ის ცნობილი ფრეჩაიზის შემდეგი ნაწილის გმირი დანი როიასია, რომელიც აჯანყებული ჯარისკაცია და საკუთარ ხალხთან ერთად თავისუფლებისთვის იბრძვის.

თამაშის პირველი თრეილერი კონფერენცია Ubisoft Forward-ზე აჩვენეს. მასში მთავარი ანტიგმირი, დიქტატორი ანტუანი და მისი ვაჟი, დიეგო ვიხილეთ. თრეილერში გამართული დიალოგიდან ჩანს, რომ ანტუანი ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და სურს, ვაჟიც მის კვალს გაჰყვეს. 13 წლის დიეგოს მამა სასტიკ გაკვეთილს აჩვენებს და არიგებს, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერი გზით. 

Ubisoft-ის განცხადებით, თამაშის დახურვა შესაძლებელია როგორც ქალი, ისევე კაცი პერსონაჟით. ისევე როგორც Far Cry 5-ში, ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილშიც შეგეძლებათ, დაიქირაოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც თქვენთან ერთად იბრძოლებენ.

Microsoft Store-ის წინასწარი შეკვეთის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Far Cry 6 2021 წლის 25 მაისს გამოვა, თუმცა Ubisoft-ს ეს თარიღი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ახალი შუთერი ხელმისაწვდომი იქნება თითქმის ყველა პლატფორმაზე: პერსონალურ კომპიუტერზე, Google Stadia-ზე, PS4-სა და PS5-ზე, ისევე როგორც Xbox One-სა და Xbox Series X-ზე.

2. Halo Infinite

ლეგენდარული ფრენჩაიზი Halo-ს შემდეგ ნაწილზე სტუდია 343 Industries მუშაობს. თამაშის გამოშვება 2020 წელს, Xbox Series X-სთან ერთად იყო დაგეგმილი, თუმცა ამ თარიღმა 2021 წლის შემოდგომამდე გადაიწია.

Microsoft-მა სწორედ Halo Infinite-ით გახსნა გასული წლის ივლისის Xbox-ის კონფერენცია და გვაჩვენა როგორც ძველი, ყველასთვის საყვარელი აბჯრები და შეიარაღება, ისევე ახალი მექანიკა და მანქანები. ახალი Halo კიდევ უფრო ახლოსაა სრული ღია სამყაროს ტიპის თამაშთან - მოთამაშის რუკაზე აღნიშნულია სხვადასხვა სარტყელები შესაბამისი მისიებით, რომელთაგანაც თითოეულს თავისი სირთულე ახასიათებს. თრეილერში ასევე ვიხილეთ თამაშის მენიუ, სადაც "აფგრეიდების" ფუნქციაცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს შეეძლება ლეგენდარული Master Chief-ის უნარები და გარეგნობა, როლური თამაშის სტილში, თავისი გემოვნების მიხედვით შეცვალოს.

343 Industries-ის განცხადებით, Halo Infinite "ყველაზე დიდი და ამბიციური თამაშია ამ ფრენჩაიზში". ახალი Halo-ს სარტყელი ორჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე ბოლო ორი თამაშისა ერთად. ამასთან, ახალ თამაშში ინტეგრირებული იქნება ე.წ. "დღე-ღამის ციკლიც". თამაშს ექნება ე.წ. "სფლით-სქრინ" მულტიფლეიერიც.

როდესაც სტუდიამ პირველი გეიმფლეი აჩვენა, ფანების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: გეიმერთა ნაწილი Infinite-ს გეიმფლეი მექანიკას Halo: Combat-ს ადარებდა. შეგახსენებთ, რომ ეს ფრენჩაიზის პირველი თამაშია, რომელიც ორიგინალ X box-თან ერთად გამოვიდა. ამის შემდეგ, სტუდიის ბლოგზე, სადაც რეგულარულად იდება სიახლეები თამაშის შესახებ, დაიწერა რომ ''დეველოპერები თავდაუზოგავად მუშაობდნენ იმისათვის, რომ ახალი Halo უნაკლო ყოფილიყო". ეს გასაკვირი არც არის იმის გათვალისწინებით, რომ Halo-ს ფრენჩაიზი, X box-ის მთავარი დასაყრდენია PS5-სა და მის ექსკლუზივებთან ბრძოლაში.

Halo Infinite-ს თამაში Xbox One-ზე, პერსონალურ კომპიუტერზე (Windows) და Xbox Series X/S-ზე შეგეძლებათ.

1. Elden Ring

FromSoftware-ის ფანებისთვის 2020 რთული წელი იყო. 2019-ში, ახალი თამაშის, Elden Ring დაანონსებას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. დარქ-ფენტეზი სტილის როლური თამაში, რომლის სიუჟეტის ავტორი ცნობილი მწერალი, ჯორჯ რ. რ. მარტინია, იმედისმომცემი პროექტი იყო, თუმცა იმის შემდეგ, რაც თამაშის ავტორმა ჰიდეკატა მიაზაკიმ Elden Ring-ს ''სტუდიის ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტი'' უწოდა, ხანგრძლივმა სიჩუმემ დაისადგურა. 

თამაშს ოფიციალური გამოსვლის თარიღი ჯერაც არ აქვს, თუმცა ინტერნეტში მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება. გასულ კვირაში, რამდენიმე მონსტრის დიზაინი და გამოსვლის სავარაუდო თარიღი გამოქვეყნდა - 2021 წლის გაზაფხული. ერთ-ერთმა ჩინელმა კონტენტკრეატორმა, რომელიც Dark Souls-სა და მის მსგავს თამაშებზე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, დაწერა, რომ FromSoftware-ის ახალი ფრენჩაიზი დეველოპმენტის ბოლო ეტაპზეა და დასასრულს უახლოვდება.

ჭორების თანახმად, Elden Ring-ის სამყარო, Dark Souls-ისაზე გაცილებით დიდი იქნება და ის სკანდინავიური მითოსის მოტივებზეა შექმნილი. თამაშში ინტეგრირებულია დღე-ღამის ციკლი და დინამიური ამინდი. 

Elden Ring თავდაპირველად PlayStation 4-ის, პერსონალური კომპიუტერის (Windows) და Xbox One-ისთვის დაანონსდა, თუმცა მისი გამოსვლის დაგვიანების გათვალისწინებით, დეველოპერები თამაშს, სავარაუდოდ, ახალი თაობის კონსოლებსაც მოარგებენ.

როგორც ხედავთ, 2021 გეიმერებისთვის საინტერესო წელი იქნება. ზემოთ ჩამოთვლილი 5 თამაშის გარდა, ვიხილავთ Hitman 3-ს, Hellblade II-ს, GhostWire Tokyo-ს, Outriders-ს, Resident Evil VIII-ს და სხვა უამრავ თამაშს. ასევე გველოდება ლეგენდარული ფრენჩაიზი Mass Effect-ის ტრილოგიის სრული რემასთერიც. ისღა დაგვრჩენია, საფულეები დავაცარიელოთ და შევეცადოთ, არცერთი მნიშვნელოვანი რელიზი არ გამოგვრჩეს.

კომენტარები

ბოლო ამბები