Thumbnail

'ბარსელონას ფორვარდი სჭირდება' - რონალდ კუმანს მეტი გოლი სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უესკა 0:1 ბარსელონა
  • ლეო მესის მე-500 მატჩი ლა ლიგაში და მე-300 საგოლე პასი კარიერაში
  • კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უესკასთან მოგება შეაფასა

ბარსელონამ ლა ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში სტუმრად უესკა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0). მატჩის ერთადერთი გოლი ფრენკი დე იონგმა, ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

კატალონიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელისთვის ეს კარიერაში მე-300 საგოლე პასია. აქედან 260 ლეომ ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 750 შეხვედრაში შეასრულა, 40 კი - არგენტინის ნაკრების 142 მატჩში. ამასთან, უესკასთან დაპირისპირება მესისთვის ლა ლიგაში ჩატარებული მე-500 თამაში იყო. 

არგენტინელი ვარსკვლავისთვის უესკასთან მატჩი გამორჩეული იყო

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდო კუმანმა უესკასთან მოგება შეაფასა და კლასიკური ფორვარდის დამატების საჭიროებაზეც ისაუბრა.

"ეს მნიშვნელოვანი შედეგი და ქულებია. ამ თვეში ბევრი გასვლითი მატჩი გვიწევს და მოგებები სტუმრადაც გვსურს. გასვლაზე ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ, ეს უკვე მეორე გამარჯვებაა. ახლა მომდევნოს ოთხშაბათს ველოდებით", - თქვა კუმანმა, რომლის გუნდი 6 იანვარს სტუმრად ბილბაოში ატლეტიკს ეთამაშება.  

კატალონიელებმა უესკას დე იონგის გოლით აჯობეს

"ჩემი გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ვენდობი. ლეოსგან შეტევას სიღრმიდან მოველით, როგორც დემბელესგან, წინა ხაზზე კი არჩევანს ბრაიტვაიტსა და გრიზმას შორის ვაკეთებთ. მარტინმა კარგად ითამაშა. გვაკლია "ცხრიანი", მაგრამ ეს კავშირში არ არის ანტუანის ცვლილებასთან. ბევრი თამაში გვაქვს და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. სეზონის დასაწყისშიც ვსაუბრობდით, რომ წინ გვჭირდებოდა ვიღაც, რათა კონკურენცია, მეტი გოლი, მეტი ეფექტიანობა გვქონოდა, მაგრამ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული", - აქვეყნებს ესპანური სპორტული მედია ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს.

კუმანმა ურუგვაელი 'ცხრიანი' გუნდიდან სეზონის წინ გაუშვა

ბარსელონას ლა ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები