Thumbnail
  • არგენტინელ სპეციალისტს დელე ალის დამატება სურს
  • ამისთვის პსჟ-მ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს
  • გასაყიდთა სიაში არიან დრაქსლერი, ერერა და პარედესი

თომას ტუხელის წასვლა და მაურისიო პოჩეტინოს მოსვლა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - პარიზში ცვლილებები იწყება. არგენტინელი პსჟ-ში თავისი პროექტით არის მისული. ის იმ კალიბრის მწვრთნელია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ გუნდი თავისი შეხედულებების მიხედვით უნდა ააშენოს.

ფრანგული პრესის, კერძოდ, ძალიან სანდო წყაროს, "ეკიპის" ცნობით, პოჩეტინოს მთავარი სამიზნე დელე ალია. ისინი ერთმანეთს ტოტენჰემიდან კარგად იცნობენ. ალი არგენტინელის ხელში ვარსკვლავად იქცა, ახლა კი ჟოზე მოურინიოს ვერ ერგება და ლონდონში სათამაშო დრო მხოლოდ მინიმალურად აქვს. მოკლედ, ალის წასვლა ძალიან რეალურია, მით უმეტეს, პარიზში, რომელიც პოჩეტინოს მოსვლასთან ერთად მთავარ პრეტენდენტად იქცა.

პარიზელთა პრობლემა ფინანსებია. პარიზელებს დელე ალის საყიდლად საჭირო ფინანსების ნაწილის მოპოვება სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების გაყიდვით სურთ. პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ და პოჩეტინომ უკვე შეათანხმეს წამსვლელი ფეხბურთელების სია.

არგენტინელი თანახმაა, რომ გუნდი ლეანდრო პარედესმა, იულიან დრაქსლერმა, ანდერ ერერამ, ტილო კერერმა და იდრისა გუაიემ დატოვონ. "ეკიპის" ცნობით, იანვარში ლეონარდო ამ სიიდან ერთი ან ორი ფეხბურთელის გაყიდვას მაინც შეეცდება და ეს საკმარისი იქნება დელი ალის საყიდლად საჭირო ფინანსების მობილიზებისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები