Thumbnail
  • ბრუკლინი 122:123 ვაშინგტონი
  • დურანტს და ირვინგს ორმაგი დუბლები ჰქონდათ
  • ბოლო შეტევაში ბრუკლინის ორივე ლიდერმა ააცილა

სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ბრუკლინსა და აუტსაიდერ ვაშინგტონს შორის გაიმართა. უიზარდსს აქამდე ერთის გარდა ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თუმცა დურანტის და ირვინგის ბრუკლინს დიდი ბრძოლა გაუმართა და დრამატულ შეხვედრაში ქულით გაიმარჯვა კიდეც.

ვაშაინგტონის ლიდერებს ორმაგი დუბლები ჰქონდათ, თუმცა დაბალი პროცენტით ისროდნენ. ბრედლი ბილმა 27 ქულა ჩააგდო, მაგრამ ამისთვის 25 სროლა დასჭირდა. ბილის ანგარიშზე 10 მოხსნაც არის, მათ შორის 4 მეტოქის ფარზე. რასელ ვესტბრუკმა კი 24 ქულა ჩააგდო და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა ცუდად ისროდა - 25-დან მხოლოდ 7.

საერთო ჯამში, ბრუკლინი ბევრად უკეთ ისროდა - ზუსტი სროლების 49% ვაშინგტონის 41%-ის წინააღმდეგ, თუმცა უიზარდსმა მთელი 23 სროლით მეტი შეასრულა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ვაშინგტონმა მეტოქის ფარზე 13-ჯერ მოხსნა ბურთი და ბრუკლინს კატასტროფულად ბევრი, 20 დაკარგვა ჰქონდა (ვაშინგტონს მხოლოდ 7). ამის გამო უიზარდსმა უფრო მეტი პოზიციები მიიღო შეტევაში.

ბრუკლინიდან საუკეთესო კაირი ირვინგი იყო 30 ქულით და 10 შედეგიანი გადაცემით. კევინ დურანტს 28 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. კარგი თამაშის მიუხედავად, ორივე მათგანმა გადამწყვეტი სროლა ვერ ჩააგდო, თანაც ეს ერთ შეტევაში მოხდა. ნეტსი ქულით აგებდა, როცა ბოლო წამებზე ჯერ ირვინგმა ააცილა სამქულიანი, შემდეგ კი მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთი დურანტმა ვერ ჩააგდო.

ბრუკლინი სათადარიგო სკამმა დააღალატა. ყველა სათადარიგო მოთამაშეს უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა. ნეტსს მოგებაზე მეტი წაგება დაუგროვდა (3-4). ამ მარცხს კევინ დურანტმა მატჩის შემდეგ შოკი უწოდა.

📺 ბრუკლინი V ვაშინგტონი

კომენტარები

ბოლო ამბები