Thumbnail

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ფამაგუსტას ანორთოსისი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ლიმასოლის აპოლონს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა, ერთი გოლი კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქვილითაია, გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და ყველამ 90 წუთი გაატარა მოედანზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. ქვილითაიამ მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 პოზიციაზეა, მხოლოდ აპოლონის ფორვარდ ნიკოლა დიგუნს ჩამორჩება 1 გოლით (ფრანგმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა). სტუმრებმა პირველ ტაიმში მე-2 გოლიც გაიტანეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ ქეცბაიას გუნდი მაინც უქულოდ დარჩა.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი კრიზისშია

შესვენების შემდეგ აპოლონმა ანორთოსისს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და თამაში 3:2 მოიგო. ლიმასოლელთა განაცხადში არ ყოფილა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც აპოლონს ცოტა ხნის წინ შეუერთდა და ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. 

თემურ ქეცბაიას გუნდი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 წააგო. ანორთოსისს 17 თამაშში 30 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო ტურში კი 6 იანვარს, ეთნიკოსს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები