Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ახალი სეზონის სტარტზე 3 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, უკანასკნელ სამ შეხვედრაში მე-2 მარცხი განიცადა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერობა ფილადელფიას გადაულოცა. საინტერესოა, რომ პეისერსს სტუმრად ჯერაც არ წაუგია, აი, შინ კი, ამჯერად, ნიუ იორკ ნიქსთან დამარცხდა (102:106) და ეს, მოულოდნელობა გახლდათ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ნიუ იორკმა, რომელიც ახალი მწვრთნელის ტომ ტიბოდოს ხელში გაცილებით ყოჩაღად ათამაშდა, მატჩის ბედი ბოლოსკენ გადაწყვიტა, როდესაც 11:0 გაქცევა მოაწყო. კარგი იყო ერ ჯეი ბარეტი 25 ქულით, ჯულიუს რენდლმა კი ლამის სამმაგი დუბლი (12 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი) მიითვალა, თუმცა, განსაკუთრებით მაინც ოსტინ რივერსის 15 ქულა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც სწორედ ტიბოდოს ნდობამ “გამოაღვიძა”.

სწორედ ამ სამეულის გარჯამ ჩაუყარა წყალში შრომა პეისერსის ვარსკვლავებს. მათ შორის, მალკოლმ ბროგდონს, რომელმაც 33 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა, მაილს ტერნერმა 17 ქულა ჩააგდო, ლიეტუველმა დომანტას საბონისმა კი 13 ქულას 13 მოხსნა წაამატა და მიჯრით მე-6 ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

📺 ინდიანა 102:106 ნიუ იორკი [მიმოხილვა]

ინდიანას მომდევნო მატჩი 5 იანვარს ნიუ ორლეანს პელიკანსთან ელის და მასაც ქართველი კალათბურთელის გარეშე ჩაატარებს, რადგანაც ტრავმირებული ბითაძის მოედანზე დაბრუნებას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდეთ.

პეისერსს 4 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ასეთივე მონაგარი აქვთ ატლანტასა და კლივლენდსსაც. ჰოუქსმა ამჯერად სწორედ კავალიერსს უმასპინძლა და 91:96 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა მხრიდან 10 და მეტი ქულა ერთბაშად 6 კალათბურთელმა ჩააგდო, სამმა მათგანმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა. ესენი შვეიცარიელი ცენტრი კლინტ კაპელა (16 ქულა, 16 მოხსნა), ტრეი იანგი (16 ქულა, 10 პასი) და კევინ ჰუერტერი (13 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ.

კლივლენდსს 27 ქულით კოლინ სექსტონმა ულიდერა, ატლანტა კი იმანაც აზარალა, რომ მატჩი დანილო გალინარის გარეშე ჩაატარა. იტალიელმა ფორვარდმა მორიგი დაზიანება ბრუკლინთან შეხვედრაში მიიღო და ტერფის ტკივილის გამო, მინიმუმ 2 კვირა ვერ ითამაშებს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რამ დანილოსთვის ჩვეულ ამბად იქცა, რადგანაც სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, სეზონში 70-ზე მეტი 2012-13 წლების შემდეგ არ ჩაუტარებია.

📺 ატლანტა 91:96 კლივლენდი [მიმოხილვა]

ბოლოს ხსენებულ ფილადელფიაზეც ვთქვათ, რომელიც 5 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციას მოექცა სათავეში. სიქსერსს შარლოტ ჰორნეთსთან 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული და მეტოქეს ამჯერადაც იოლად გაუმკლავდა – 127:112.

მატჩი გამორჩეული გამოდგა ავსტრალიელი ბენ სიმონსისთვის, რომელმაც სეზონის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი, დაბლ-დაბლი (19 ქულა, 14 მოხსნა) ჰქონდა ჯოელ ემბიიდს, ტობიას ჰარისმა 24 ქულა ჩააგდო, სეთ კარიმ კი – 21. ამგვარად, შარლოტს არაფერში გამოადგა ტერი როზიეს ჩუბინობა, რომელმაც 7 სამქულიანი მიითვალა და თამაში 35 ქულით დაასრულა.

📺 ფილადელფია 127:112 შარლოტი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები