Thumbnail

'მიზანი გოლების გატანა და ჩემპიონობაა' - ფანცულაია დინამო ბათუმის ფეხბურთელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ახალი სეზონის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. გია გეგუჩაძის გუნდს გიორგი ფანცულაია გააძლიერებს, რომელიც გასულ სეზონში ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა.

26 წლის ფეხბურთელმა დინამო ბათუმთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბათუმში დიდი ამბიციებით მიდის. პოპსპორტი ფანცუალაიას გაესაუბრა და როგორც მან გვითხრა, ახალ სეზონში ბევრი გოლის გატანის და ჩემპიონობის იმედი აქვს.

POPSPORT: რატომ შეაჩერე არჩევანი დინამო ბათუმზე?

გიორგი ფანცულაია: დინამო ბათუმზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ გია გეგუჩაძესთან მიმუშავია და ვიცი მისი საფეხბურთო ფილოსოფია. მომწონს ეს სტილი, მითამაშია და ვიცი. ერთ-ერთი გარემოება ეს იყო და მეორე ის, რომ დინამო ბათუმი ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია საქართველოში და ჩემპიონობისთვის ნამდვილად ვიბრძოლებთ. იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში დინამო ბათუმი ავირჩიე.

POPSPORT: რა მოლოდინი გაქვს და გუნდთან ადაპტაციას როგორ უყურებ?

ფანცულაია: იმედი მაქვს, რომ კარგი სეზონი გვექნება და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ. არმგონია, რომ ადაპტაციის პრობლემა შემექმნას, ვფიქრობ, იოლად ჩაივლის.

POPSPORT: გასულ სეზონს როგორ შეაფასებ, რომელიც ტორპედოსთვის საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შენთვის - საკმაოდ წარმატებული...

ფანცულაია: ტორპედოში ბევრი პრობლემა იყო და ჯერ არც დალაგებულა. იმედია, მალე მოგვარდება ქუთაისში ეს სიტუაცია და ისეთი გუნდი ეყოლებათ, როგორსაც ქუთაისი იმსახურებს. რაც შეეხება პირადად ჩემს სეზონს, კარგად მიმდიოდა თამაში და ეს შრომისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამსახურება იყო. მთავარია შრომა არ დააკლო და ფსიქოლოგიურად მზად იყო, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი.

POPSPORT: ბათუმს ახალი სტადიონი აქვს და როგორი მოლოდინი გაქვს ამ არენაზე თამაშისგან, როდესაც გაივსება?

ფანცულაია: მართლა ძალიან მაგარი სტადიონია და იმედია მაყურებელს მალე შეეძლება დასწრება. ვიმედოვნებ, როდესაც სეზონი დაიწყება, ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა იქნება და ქომაგები სტადიონზე მოსვლას შეძლებენ. როცა აქ მეტოქის რანგში ვთამაშობდი, ყოველთვის მაგარი ქომაგობა იყო და ივსებოდა სტადიონი. სხვანაირი მუხტი იყო და ბათუმს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფანები ჰყავს. იმედია, ახალ სეზონში დასწრება იქნება და ხალხი სტადიონზე მოსვლას შეძლებს.

POPSPORT: ბათუმში ცხოვრების კუთხით ადაპტაციას როგორ ხედავ?

ფანცულაია: ბათუმში არ მიცხოვრია, მაგრამ ბავშვობიდან ხშირად მქონდა ქალაქთან შეხება და არ გამიჭირდება იქ ცხოვრება და ქალაქთან შეგუება.

POPSPORT: რას დაპირდებოდით გულშემატკივრებს სეზონის წინ?

ფანცულაია: რა თქმა უნდა, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო, კარგად წარმოვაჩინო თავი და ვფიქრობ, რომ როგორც მე, ისე კლუბი ძალიან ღირსეულად ვითამაშებთ და იმედია ჩემპიონები გავხდებით.

FC DINAMO BATUMI

ზედიზედ მეორედ, დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია - მიმდინარე სეზონმა ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვა! 💙 [სეზონი 2020]

Posted by FC Dinamo Batumi on Thursday, December 10, 2020

 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი ფანცულაიამ ტორპედოს რიგებში 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ეროვნულ ლიგაში გუნდის დარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. მანამდე გიორგის საჩხერის ჩიხურაში, სამტრედიაში, გორის დილაში, საბურთალოში, ცხინვალსა და ზესტაფონში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები