Thumbnail

‘დიეგო ფეხბურთის პოეტი იყო’ - რომის პაპმა მარადონაზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რომის პაპმა ‘გაძეტა დელო სპორტს’ ინტერვიუ მისცა
  • ფრანცისკემ დიეგო მარადონაზე ემოციურად ისაუბრა

რომის პაპმა ფრანცისკემ ‘გაძეტა დელო სპორტისთვის’ მიცემულ ინტერვიუში დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა და მას ფეხბურთის პოეტი უწოდა.

“მარადონა საფეხბურთო მოედანზე იყო პოეტი და დიდი ჩემპიონი, რომელიც მილიონობით ადამიანს აბედნიერებდა არგენტინასა და ნეაპოლში. თუმცა დიეგო არამდგრადი და სუსტი ადამიანიც იყო,” - აღნიშნა 84 წლის პაპმა ხსენებულ ინტერვიუში. 

მისი თქმით, დიეგო და ის ერთმანეთს 2014 წელს, ვატიკანში შეხვდნენ. “ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ იმას, რაც მან ფონდ Scholas Occurrentes-სთვის გააკეთა. ეს არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება ადამიანებს,” - დასძინა ფრანცისკემ თანამემამულე დიეგოს შესახებ.

რომის პაპმა ის დღეც გაიხსენა, როცა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრებს მექსიკაში, 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოაპოვებინა: “იმ დროს ფრანკფურტში ვიყავი და გერმანულ ენას ვსწავლობდი. ეს ჩემთვის მარტოობის გამარჯვება იყო, არავინ მყავდა გვერდით, ვისაც არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობით გამოწვეულ გამარჯვებას გავუზიარებდი.”

ფრანცისკემ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ საკუთარ საფეხბურთო შესაძლებლობებზეც ისაუბრა: “ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, მაგრამ საუკეთესოთა შორის არ ვიყავი. მე ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორებსაც არგენტინაში “პატა დურას” უწოდებენ ხოლმე - “ხისტ ფეხს”. ამიტომ, ყოველთვის კარში მაყენებდნენ. სხვათა შორის, ასევე ვთამაშობდი და მიყვარდა კალათბურთიც.”

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა გასული წლის ნოემბერში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები