Thumbnail

NBA | დონჩიჩის ორმაგი დუბლი - დალასმა ძალიან სუსტი მაიამი დაამარცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

შარლოტთან Blowout-მარცხისა და ზოგადად სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ (1 მოგება, 3 მარცხი), დალას მავერიკსმა თავის ქომაგებს ხასიათი ოდნავ გამოუკეთა. მიუხედავად რამდენიმე მცირე შეცდომისა, ლუკა დონჩიჩმა და კომპანიამ შარშანდელი ფინალისტი მაიამი ჰიტი საბოლოო ჯამში დამაჯერებლად, 93:83 დაამარცხეს. თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მაიამი ძალიან არეულია და ახლოსაც ვერ მიდის იმ კალათბურთთან, რომლითაც წინა სეზონში ფინალამდე გააღწია.

დონჩიჩი 27 ქულით, 15 მოხსნითა და 7 პასით ყველაზე პროდუქტიული გახლდათ და თანაც, სამქულიანებიც ოდნავ უკეთ ისროლა (3/10). ქულათა გრაფაში ასევე ორნიშნა რიცხვები დააფიქსირეს ტიმ ჰარდაუეიმ (15) და დორიან ფინი-სმითმა (12).

მაიამიდან ნორმალურად მხოლოდ ტაილერ ჰირომ (11), ბემ ადებაიომ (19, 11 მოხსნა, 4 ჩაჭრა) და ეივერი ბრედლიმ (15) ითამაშეს. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ჯიმი ბატლერმა 27 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო (0/6, ორივე საჯარიმოთი) და აბსოლუტური ფიასკო იყო. პრინციპში იგივე უნდა ვთქვათ დანკან რობინსონზეც, რომელსაც 5 ქულა ჰქონდა (1/8). მაიამის კალათბურთელებმა 33 სამქულიანიდან მხოლოდ 7 ჩააგდეს, დალასელებმა კი - 37-დან 12.

ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ სეზონი მძიმედ დაიწყეს. თვით კარგ ფორმაში მყოფმა რობინსონმაც კი რამდენიმე ჩასაგდები სამიანი ვერ ჩააგდო. პირველი კალათბურთელი, რომელმაც გამოიღვიძა, დონჩიჩი გახლდათ, 9:0 გაქცევის ინიციატორიც ის იყო და საერთოდ, მატჩის ბედიც ფაქტობრივად სწორედ მისმა კარგმა თამაშმა გადაწყვიტა. საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები