Thumbnail

მიზანი ჩემპიონობაა - მამუჩაშვილი დინამო ბათუმში კიდევ 2 წლით დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ვლადიმერ მამუჩაშვილი დინამო ბათუმში რჩება. ქართველმა ნახევარმცველმა ზღვისპირელებთან ახალი კონტრატი გააფორმა და ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა. მამუჩაშვილი დინამო ბათუმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და გია გეგუჩაძისთვის შეუცვლელი მოთამაშეა.

პოპსპორტი 23 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. როგორც მამუჩაშვილმა გვითხრა, ბათუმში ბედნიერია და ახალ სეზონს დიდი მოტივაციით ხვდება. ლადო იმედოვნებს, რომ ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონობას მოიპოვებს.

POPSPORT: პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტე დინამო ბათუმთან თანამშრომლობის გაგრძელება?

ვლადიმერ მამუჩაშვილი: მქონდა უცხოეთიდან შემოთავაზებებიც, მაგრამ ყველაზე რეალური და ჩემი კარიერისთვის უმჯობესი წინადადება დინამო ბათუმიდან მივიღე. 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ. გულშემატკივარს ვუყვარვარ, გუნდში მენდობიან, სათამაშო პრაქტიკა მაქვს და ვფიქრობ, მომდევნო ორი წელი საჩემპიონო იქნება და ასე ვთქვათ, დაფასდება შრომა, რომელიც აქამდე გავწიეთ.

POPSPORT: გასულ სეზონს როგორ შეაფასებ. რა დაგაკლდათ ჩემპიონობამდე?

მამუჩაშვილი: ვერ გავექცევით იმას, რომ პანდემია ძალიან შეგვეხო. რა თქმა უნდა, ეს ყველა გუნდს თანაბრად შეეხო და ბოლომდე ამას ვერ დავაბრალებთ. იყო მინდვრის საფარის პრობლემა. როდესაც ბალახი იდეალურ მდგომარეობაში არ არის, ჩვენთვის რთულია, რადგან ჩვენი თამაში ბურთის კონტროლზეა დამყარებული. პლუს ამას, გულშემატკივრის ფაქტორი - ალბათ, ეროვნულ ლიგაში ქომაგი ყველაზე მეტად ჩვენ დაგვაკლდა და ამან ძალიან ცუდად იმოქმედა. ბათუმში სასწაული გულშემატკივრობაა და პირადად მე ყველაზე მეტად მოტივაციას ეგ მაძლევს და დარწმუნებული ვარ, დინამო ბათუმის ყველა ფეხბურთელი ასეა. ყველაზე მეტად სწორედ გულშეამტკივარი დაგვაკლდა, შეიძლება იყოს ცუდი მინდორი, მაგრამ გულშემატკვირებით გამარჯვებას მაინც ვახერხებთ. მათ გარეშე კი ძალიან რთულია.

პირველი მატჩი ბათუმის ახალ არენაზე

POPSPORT: ახალი სეზონის წინ როგორი მოლოდინი გაქვს?

მამუჩაშვილი: გუნდში ბევრი ცვლილებაა , წავიდნენ მოთამაშეები, მაგრამ შემცვლელები მოვიდნენ და ვფიქრობ, რომ გავძლიერდით. კვალიფიციური ფეხბურთელები დავიმატეთ და ჩემი აზრით, ეს ერთი-ორად გაგვაძლიერებს. გარდა ამისა, ახალ არენაზე ვითამაშებთ და თუ გულშემატკივრებსაც დაუშვებენ, რაც შარშან დაგვაკლდა, წელს ჩვენსკენ იქნება ეს პატარ-პატარა ნიუანსები და უფრო დიდი შანსი გვექნება იმისა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. მთელი შემართებით ჩემპიონობისკენ ვიქნებით მიმართულები.

POPSPORT: ცენტრალური ნახევარმცველი ხარ, მაგრამ ხშირად გიწევს მარჯვენა მცველად თამაში. რას იტყვი ამის შესახებ?

მამუჩაშვილი: ერთს დავამატებ, რომ დინამო ბათუმში დარჩენა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ძალიან მიყვარს, როდესაც მინდორზე თავისუფლად ვარ და გია გეგუჩაძის ხელში ეს ყველაზე დიდი დოზით მაქვს, არანაირად არ ვარ შებოჭილი. ყველა პოზიციაზე თამაში სიამოვნებას მანიჭებს და მეტ-ნაკლებად გამომდის ორივეგან თამაში. ჩემი საყვარელი პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველია, ბავშვობიდან ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. საყრდენობაზე მეტად, გამთამაშებლად თამაში მომწონს, მაგრამ მთლიანობაში ჩემი პოზიცია ცენტრია. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გია გეგუჩაძესთან შეზღდული არ ვარ და თითქმის ყველა პოზიციაზე მომიწია თამაში მეკარისა და ცენტრფორვარდის გარდა.

POPSPORT: ქართული გუნდებიდან დინამო ბათუმის არის კლუბი, საიდანაც ბოლო დროს ყველაზე მეტ ფეხბურთელს იძახებენ საქართველოს ნაკრებში და როგორ აფასებს შენს შანსს, რომ ეროვნულ გუნდში მიგიწვიონ?

მამუჩაშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახონ, ეს ყველას ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. ვითამაშე ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ვფიქრობ, რომ ეროვნულ გუნდში გამოძახების შანსსაც მივიღებ. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

POPSPORT: რომელ თამაშს და გოლს გამოარჩევ დინამო ბათუმში გატარებული პერიოდიდან?

მამუჩაშვილი: საბურთალოსთან ქამ-ბექს გამოვყოფ (0:2-დან 4:2). იმ თამაშში 2 გოლი გავიტანე და ბევრი რაღაცის გამო დამამახსოვრდა. მხოლოდ გამარჯვებისა და სიხარულის გამო არა, სხვა ფაქტორებიც იყო. მაგალითად, პირველ რიგში საკუთარ თავთან დავამტკიცე ძალიან ბევრი რაღაც, ამან კი, დიდი თავდაჯერება მომცა და ჩემთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. გოლებსაც სწორედ ამ თამაშიდან გამოვარჩევ. რამდენად ლამაზი გოლები გავიტანე, ეს გულშემატკივრებმა შეაფასონ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე და ეს თამაში არადროს დამავიწყდება.

POPSPORT: რას ისურვებდი 2021 წელს და რა მიზანს ისახავ, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად?

მამუჩაშვილი: პირველ რიგში ჯანმრთელობას ვისურვებდი. დინამო ბათუმში მოტივაცია ისევ მაქვს და რომ მეგრძნო ჩემი თავი აქ ამოვწურე, ნამდვილად არ დავრჩებოდი. მწვრთნელისგან ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობ და იმედია მაქვს, რომ კიდევ ბევრს ვისწავლი. მოტივაცია უმაღლეს დონეზე მაქვს და კლუბი კიდევ განაგრძობს გაძლიერებას, ძირითადი ბირთვიც შევინარჩუნეთ. 2 წელია ჩემპიონობამდე ნაბიჯი გვაკლდება და ძალიან გვინდა, რომ ამჯერად მიზანს მივაღწიოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროსარბიელზე გამოვდივართ და ყველანაირად ვეცდებით იქაც წარმატებას მივაღწიოთ. იმედი მაქვს, დასახულ მიზნებს შევასრულებთ.


შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილი თბილისის საბურთალოს აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო. ის დინამო ბათუმს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ ზღვისპირელთა რიგებში ჩატარებულ 74 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები