Thumbnail
  • წარმოგიდგენთ 2020 წლის გამორჩეული 5 თამაშის სიას
  • ეს თამაშები ყველა გეიმერს 2021 წლის დადგომამდე უნდა ჰქონდეს დახურული

ვიდეოთამაშების ინდურსტრიისთვის 2020 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო - მაშინ, როცა კორონა ვირუსის პანდემიის გამო, თითქმის ყველა გასართობი ინდუსტრია კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა, ვიდეოთამაშების პოპულარობა გაორმაგდა. 2020 წელს ვიდეოთამაშების ბაზრის საერთო შემოსავალი 167,5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა და ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლამდე ის 300 მილიარდს გადააჭარბებს.

იმის გამო, რომ ადამიანთა უმრავლესობას შინ დარჩენა უწევდა, ბევრმა გაიხსენა ძველი ჰობი ან ახლა შეიყვარა ვიდეოთამაშები. სწორედ ამიტომ, ინტერნეტსენსაციად იქცა ისეთი თამაშები, როგორიც იყო Fall Guys და Among Us. მხიარული განწყობისა და იოლი კონცეფციის გამო, თამაშები ყველასთვის გასაგები და სახალისო იყო. 

თუმცა, 2020-ში ვიხილეთ უამრავი ისეთი თამაშიც, გამოცდილ გეიმერებს რომ სურდათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 თამაშს, რომელიც, ჩვენი აზრით, წელს საუკეთესო იყო.

5. Cyberpunk 2077

Cyberpunk 2077 ის თამაშია, რომელსაც მთელი გეიმერული საზოგადოება ჯერ კიდევ 2013 წლიდან ელოდა. მისი გამოსვლის თარიღის გაუთავებელმა გადავადებამ გამოიწვია ის, რომ თამაში Game of the Year-ისა თუ სხვა დაჯილოებების ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა. 

თავს არ შეგაწყენთ ამ თამაშის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრით. მისი გამოსვლის დღიდან, ყველა, ვინც კი გეიმინგით ოდნავ მაინც დაინტერესებულია, განუწყვეტლივ განიხილავს მას. ისტორია, კარგი ღია სამყარო და თავისუფალი, ე.წ. სენდბოქსდინამიკა, ზოგისთვის საკმარისად კარგია. სხვებს მთავარი მისიის სიგრძე არ აკმაყოფილებთ. კონსოლების მოთამაშეები "ლაგებს" და ტექნიკურ სირთულეებს განიცდიან. თუმცა ერთი რამ ცხადია: 2020 წლის ამსახველი თამაშების ნებისმიერ სიაში, საიბერპანკი აუცილებლად უნდა იყოს. დიახ, ის არ არის იდეალური, თუმცა, თავისებური შედევრია, რომელსაც ყველა ნაკლს აპატიებ და უამრავ საათს დაუთმობ. თუნდაც ის რად ღირს, რომ ამ თამაშში თავად კიანუ რივზთან დამეგობრება შეგიძლია. 

Cyberpunk 2077 ღია სამყაროს სტილის როლური ჟანრის აქამდე არნახულ მასშტაბს გვთავაზობს და მომავლის თამაშებს მაღალ სტანდარტს უწესებს. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ეს თამაში ან იმედი გაგიცრუათ თუ არა მისმა გეიმფლეი მექანიკამ, ფაქტია, რომ მის ირგვლივ დისკუსია არ ცხრება და ამას ვერსად გავექცევით.  

4. Final Fantasy VII Remake

Final Fantasy VII-ის რიმეიქი წლების განმავლობაში უამრავი გეიმერის ოცნება იყო. ეს ერთ-ერთი კლასიკური როლური თამაშია, რომელიც 1997 წელს გამოვიდა და ვიდეოთამაშების მოყვარულებში ყოველთვის იწვევდა ნოსტალგიის განცდას და ბავშვობასთან ასოცირდებოდა.

გაამართლა თუ არა იმედები რიმეიქმა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ერთი მხრივ, ახალი თამაში იდეალურად აცოცხლებს მიდგარის ატმოსფეროს და FFVII-ის ფანების საყვარელ გმირებს. ამავე დროს, გვთავაზობს ახალ პერსონაჟებსაც, საინტერესო ისტორიებითა და ხასიათით. საბრძოლო სისტემაც კარგია, გრაფიკა - ლამაზი, ჩვეული ბავშვური იუმორის გრძნობაც კვლავ დაჰყვება დიალოგს, თუმცა, თამაში იდეალური არ არის და, ეს ძირითადად მისი ნაწილებად დაყოფის დამსახურებაა.

რასაკვირველია, Square Enix-ს სურდა, თამაშის რიმეიქი მაქსიმალურად დეტალურად მიეწოდებინა აუდიტორიისათვის და რომელიმე სიუჟეტური ხაზის ამოღება არც უფიქრია. მეტიც, რამდენიმე ახალი, მოულოდნელი ისტორიაც შემოგვთავაზეს, რომლებიც, სიმართლე ითქვას, არავის უთხოვია. რეალური და წარმოსახვითი დროის ხაზების ერთმანეთში არევა, ჯერჯერობით, არც ერთ ფილმში, წიგნსა თუ ვიდეოთამაშში არ ამართლებს. თამაშის დასრულების შემდეგ ფანებს კითხვები ნამდვილად დარჩათ და სამწუხაროდ, ვერავინ იტყვის, როდის გაეცემა ამ კითხვებს პასუხი - რიმეიქის მეორე ნაწილზე ჯერ არაფერია ცნობილი იმის გარდა, რომ სტუდია მასზე მუშაობს.

საბოლოოდ, Final Fantasy VII Remake ნამდვილად კარგი თამაშია, რომელიც უამრავ ემოციას ტოვებს, როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მოთამაშეებში. შესაბამისად, ის წლის საუკეთესო თამაშებს შორის ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ბოლოს და ბოლოს, მის გამოსვლას 20 წელზე მეტი ველოდებოდით.

3. Ghost of Tsushima

2020 წლის გამორჩეულ ვიდეოთამაშებზე საუბრისას, Ghost of Tsushima რომ არ ვახსენოთ, ნამდვილად უსამართლობა იქნება. ღია სამყაროს ტიპის ამ სათავგადასავლო თამაშმა გამოსვლისთანავე ისეთი ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა, ყველა მოელოდა, რომ ის წლის საუკეთესო თამაშის (Game of the Year) ტიტულსაც მოიპოვებდა. თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

Ghost of Tsushima თავისი უზარმაზარი, ლამაზი და მრავალფეროვანი სამყაროთი გამოირჩევა. აქ თითქოს ყველაფერი სუნთქავს: დეტალიზაცია ისეთი მაღალი ხარისხისაა, რომ ხშირად გაჩერდებით, რომ უბრალოდ დააკვირდეთ და დატკბეთ მისი მშვენიერებით. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მელიების მოშინაურება და მათი მოფერება შეგიძლიათ.

ტურისტული წყურვილის მოკვლისა და შინაური ცხოველების მომრავლების შემდეგ, ალბათ, სიუჟეტსაც მიაქცევთ ყურადღებას და თამაში აქაც არ გაგიცრუებთ იმედს: პერსონაჟები კარგადაა დაწერილი, დიალოგები ემოციური და საინტერესოა. ვიზუალი და ტონი მშვენივრად შეეფერება ფეოდალურ იაპონიას და ისტორიული სიზუსტით გამოირჩევა. Ghost of Tsushima-ს არც საბრძოლო ტექნიკების სიმრავლე აკლია და გეიმფლეიც დახვეწილია. 

რა თქმა უნდა, ამ თამაშსაც აქვს რამდენიმე ნაკლი. პირველი: ინგლისური გახმოვანება პერსონაჟთან ანიმაციას არ ემთხვევა. ეს, შესაძლოა, სულაც ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ, როცა შეამჩნევთ, ვეღარ ამოიგდებთ თავიდან. მეორე: ე.წ. stealth-სტრატეგია, რომელიც, გარკვეულ მისიებში აუცილებელია, მოსაწყენი და დამღლელია. დაბოლოს, თამაში საიდ-ქვესთების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა და უშველებელ სამყაროში ხედებით დატკბობის გარდა, ხშირად არაფერი გაქვთ საქმე.

Ghost of Tsushima ნამდვილად იმსახურებს წლის საუკეთესო თამაშების სიაში ყოფნას, თუმცა თუ Sucker Punch ნამდვილად მუშაობს მომდევნო ნაწილზე (როგორც ამას ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ამტკიცებს), დეველოპერებს რამდენიმე ნაკლი ნამდვილად აქვთ გამოსასწორებელი.

2. The Last of Us 2

The Last of Us-ის პირველი ნაწილი საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიუჟეტის მქონე თამაში. შესაბამისად, სიქუელს ნამდვილად რთული გამოწვევა ელოდა.

გაამართლა თუ არა სიქუელმა? ძნელი სათქმელია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თამაშმა Game of the Year-ის ტიტული და უამრავი სხვა ჯილდო მოიპოვა, მას იმედგაცრუებას ვერ დავარქმევთ.

თამაშის ირგვლივ უამრავი სკანდალი ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე აგორდა. ზოგს პერსონაჟების დიზაინი არ მიაჩნდა რეალისტურად, სხვებს ლგბტ თემის რეპრეზენტაცია ეჩვენებოდათ ზედმეტი, ფანების ნაწილს კი პროტაგონისტის როლში ჯოელის ელით შეცვლა აღიზიანებდათ.

მიუხედავად იმისა, რა მოგწონთ ან არ მოგწონთ ამ თამაშში, ახლა, პანდემიის დროს, როცა ადამიანური კავშირები და ემოცია ყველას აკლია, The Last of Us 2-ის მსგავსი თამაშები მართლად აუცილებელია. მისი მთელი ატმოსფერო, ფერთა გამით დაწყებული და საუნდთრექით დასრულებული, მუდმივად გასწავლის რაღაცას საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე. The Last of Us 2-ის სამყარო დაუნდობელი, ცივი და სასტიკია, თუმცა ელის საბოლოო გადაწყვეტილება, დაივიწყოს შურისძიება და საკუთარი თავი გაიცნოს უკეთ, ამას ცვლის. 

რა თქმა უნდა, რამდენიმე ნაკლი ამ თამაშსაც აქვს. მისი კომბატი ცოტა ერთფეროვანია და სხვადასხვა ლოკაციები ერთმანეთს ჰგავს. მოწინაღმდეგეებიც არც თუ ისე მრავალფეროვანი უნარებით გამოირჩევიან. ამას გარდა, ხშირად მეტისმეტად დამოკიდებული ხარ იარაღებზე და მათ აფგრეიდებზე. რუკაზე მინიშნებები არც თუ ისე გასაგებია და შესაძლოა, ხშირად დაიკარგო და დაგავიწყდეს, რას აკეთებდი. 

საბოლოოდ, The Last of Us 2 ნამდვილად არაა ის თამაში, რომელსაც ნებისმიერს ურჩევ. ის სასტიკია, ვიზუალური ძალადობით სავსე და შესაძლოა, ემოციურ ადამიანზე ცუდადაც იმოქმედოს. თუმცა, თუ საკუთარი თავის იმედი გაქვთ, ეს თამაში ნამდვილად უნდა გამოსცადოთ - The Last of Us 2 არავის დატოვებს გულგრილს.

1. Hades

თუ Hades არ გითმაშიათ, ამ სიაში და თანაც პირველ ადგილზე მისი დანახვა, ალბათ გაგაკვირვებთ, თუმცა, Supergiant Games-ის ეს თამაში ამას ნამდვილად იმსახურებს.

რა არის Hades? ის დამოუკიდებელი (ინდი) თამაშია, რომელიც ინოვაციურობით გამოირჩევა როგორც სიუჟეტში, ისევე თამაშის ტემპის სწორად განსაზღვრაში. მისი მთავარი გმირი, ზაგრეუსი, სწორედ ისეთი პერსონაჟია, 2020 წელს სახლში გამოკეტილებსა და იმედდაკარგულებს რომ გვჭირდებოდა - ჯოჯოხეთში ცხოვრობს და იქიდან გაქცევაზე ოცნებობს. თუმცა, მისი მისია შეუძლებლად გვეჩვენება. იმისათვის, რომ ზაგრეუსმა მამამისის, ჰადესის სამფლობელო - ჯოჯოხეთი დატოვოს, უამრავი წინაღობის გადალახვა, ახალი მეგობრული კავშირების დამყარება, ძველის დავიწყება და უდიდესი გამბედაობაა საჭირო. მთავარი გმირი ბევრჯერ მარცხდება და თითოეული სიკვდილის შემდეგ, ისევ თავიდან იწებს ბრძოლას. ეს სწორედ ისეთი დამოკიდებულებაა, რომელიც 2020 წლის დასაძლევად აუცილებელია. 

თამაშის ძლიერ მხარეებში უნდა ვახსენოთ გეიმფლეისა და პერსონაჟის უნარების ხის (ე.წ. skill tree) განვითარების მრავალფეროვნება. ასევე, ატმოსფერო, ერთმანეთთან კარგად შეხამებული საინტერესო და უნიკალური დიზაინის სტილი და კარგი საუნდტრეკიც. კარგად დაწერილი და განსხვავებული ხასიათების მქონე პერსონაჟები, რომლებთან საუბარიც, დახვეწილი დიალოგის ხის წყალობით, მოქნილი და სასიამოვნოა. ამას გარდა, თამაშის გაგრძელება მთავარი სიუჟეტური ხაზის დახურვის შემდეგაც საინტერესო და სახალისოა. 

თამაშს აქვს რამდენიმე ნაკლიც, თუმცა ისინი ძირითადად სუბიექტურია: სიუჟეტი საკმაოდ ნელა ვითარდება და ბრძოლები არც თუ ისე მარტივია. თავად განსაჯეთ, ეს უფრო ნაკლია თუ ღირსება. რაც უნდა იყოს, Hades ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო თამაშების სიის სათავეში ყოფნას. 

როგორც ხედავთ, 2020 საკმაოდ კარგი წელი იყო. ზემოთ ჩამოთვლილი ხუთეულის გარდა, გამოვიდა უამრავი თამაში, რომლებიც თავისუფლად შეგვეძლო ამავე სიაში გვეხსენებინა. მაგალითად; Assassin's Creed: Valhalla, Doom Eternal, Half-Life Alyx, Resident Evil 3 Remake და სხვა. 2021-იც არანაკლებ საინტერესო იქნება - 2020-ში ბევრი ანონსი და თრეილერი ვნახეთ. ისღა დაგრჩენიათ, ახალი წლის დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ და Cyberpunk-ის დახურვა მოასწროთ - იანვრიდან გეიმინგსამყაროში არანაკლებ საინტერესო სიახლეები გველოდება!

კომენტარები

ბოლო ამბები