Thumbnail

'დინამო ბათუმის საფეხბურთო ფილოსოფიას კარგად ვიცნობ' - ინტერვიუ გიორგი ზარიასთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა 23 წლის ნახევარმცველი გიორგი ზარია დაიმატა. იგი მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებს და მიზნად ჩემპიონობას ისახავს.

პოპსპორტი გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას დინამო ბათუმში გადასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

POPSPORT: პირველ რიგში, რამ განაპირობა დინამო ბათუმში გადასვლა და რამდენად წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგაჩნია?

გიორგი ზარია: უკან გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან დინამო ბათუმი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს და იმედია, თავს კარგად წარმოვაჩენ. ეს გადაწყვეტილება მწვრთნელის ფაქტორმაც განაპირობა და პოზიტიური განწყობა მაქვს.

POPSPORT: რას უკავშირდება შენი მოლოდინი?

ზარია: ეს ახალი შემართებაა, ახალი მოტივაცია და გამოწვევა. ვეცდები, რომ პირადად მე ზედიზედ მესამედ გახვდე საქართველოს ჩემპიონი - ამჯერად, დინამო ბათუმის შემადგენლობაში. აქვე მინდა, დინამო თბილისს დიდი მადლობა გადავუხადო, იქ 7 წელი გავატარე და მხოლოდ დადებითი მოგონებები მაკავშირებს.

POPSPORT: დინამო ბათუმში ადაპტაციას როგორ ხედავ, რამდენად გაგიჭირდება, ან პირიქით?

ზარია: არმგონია, რომ გამიჭრდეს. ფეხბურთელების დიდ ნაწილს კარგად ვიცნობ, რამდენიმესთან მითამაშია კიდეც. ასევე მიმუშავია მთავარ მწვრთნელთან და ვიცი, როგორია დინამო ბათუმის საფეხბურთო ფილოსოფია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ადაპტაციის გავლა არ გამიჭირდება.

POPSPORT: პირველი ფაქტორი რა იყო არჩევანის დინამო ბათუმის სასარგებლოდ გაკეთების მომენტში?

ზარია: მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, აგრეთვე ლადო დვალიშვილი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ. გავიგე გუნდის შიდა სამზარეულოც, ახალი სტადიონი, ევროტურნირზე ასპარეზობა გველოდება და როდესაც ეს ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

POPSPORT: ახალ სტადიონზე თამაშისგან რა მოლოდინი გაქვს, როგორი ემოცია იქნება?

ზარია: ზოგადად, გულშემატკივარი ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდები, როდის ვითამაშებ და როდის გაივსება ეს სტადიონი. იმედია, არსებული რეგულაციები მალე დასრულდება და სტადიონის შევსებაც შესაძლებელი იქნება.

POPSPORT: ახალი სეზონისგან რას ელოდები?

ზარია: ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა ამავდროულად, ევროტურნირებზე უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეთ. მაგრამ მთავარი მიზანი მაინც საქართველოს ჩემპიონობაა.

POPSPORT: ბათუმში ცხოვრებას მოგიწევს და რამდენად ადვილად გაივლი ამ კუთხით ადაპტაციას?

ზარია: აქამდე ბათუმში ყველაზე დიდხანს 1 კვირა ვყოფილვარ. თუმცა ახლა საცხოვრებლად ოჯახით გადავდივარ და ვფიქრობ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საერთოდ არ გამიჭირდება.


შეგახსენებთ, რომ გიორგი ზარიამ დინამო თბილისის შემადგენლობაში 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო თითოჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასი და საქართველოს სუპერთასი მოიგო. დინამოს რიგებში მან 73 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 9-ჯერ საგოლე პასი შეასრულა. გიორგის 2 მატჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები