Thumbnail
  • 2021 წელი ქართული სპორტისა და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულია
  • მთავარი სპორტული მოვლენები, სადაც ქართველი სპორტსმენების გამოსვლას ველით

2020 წელი ურთულესი აღმოჩნდა მთლიანად მსოფლიოსთვის და შესაბამისად, სპორტისთვისაც. კორონავირუსის პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა დაგეგმილი უამრავი ტურნირისა და ჩემპიონატის, მათ შორის ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. გადაიდო, დროებით შეწყდა ან სულაც გაუქმდა უამრავი სპორტული ღონისძიება… დღეს მსოფლიო, სპორტულ სამყაროსთან ერთად, იმედოვნებს და ამის წინაპირობაც უკვე არსებობს, რომ 2021 წლისთვის პანდემია აღარ იქნება ისეთი დამაბრკოლებელი, როგორიც წინა წელს იყო.

შესაბამისად, 2021 წელი ქართული სპორტისა და მისი გულშემატკივრებისთვისაც განსაკუთრებულია. მთავარი მოვლენა კვლავაც ოლიმპიური თამაშებია, რომელსაც ტოკიომ ერთი წლის დაგვიანებით უნდა უმასპინძლოს. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს მოუწევს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა, კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს კი - ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლობა. ინტერესით ველოდებით ბორჯღალოსნების გადადებულ მატჩს რუსეთთან, ქართული საფეხბურთო კლუბების გამოსვლას ახალ ევროტურნირზე, UFC-ში ქართველი მებრძოლების მორიგ გამარჯვებებს, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მნიშვნელოვან ტურნირებზე ჩვენი სპორტსმენების ინდივიდუალურ თუ გუნდურ წარმატებებს...

ქვემოთ წლის ხუთ გამორჩეულ სპორტულ მოვლენას დავასახელებთ, რომელთა მიმართ ქართული სპორტის ქომაგს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. 

ოლიმპიური თამაშები

📅 23 ივლისი-8 აგვისტო | 🏟 ტოკიო 2020 (გადატანილია 2021 წლისთვის)

იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12 500-ზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს. 

ტოკიოში თამაშების დათქმულ ვადაში გამართვას ხელი პანდემიამ შეუშალა

ცოტა ხნის წინ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მხარი დაუჭირა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებული დარღვევების გამო რუსეთი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ და ჰიმნის გარეშე გავლენ.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამოსვლა და შედეგებია. თუ რამდენი სპორტსმენით წარსდგება ჩვენი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მოგვიანებით დადგინდება, მედლების მოპოვების ამბიციები კი, რა თქმა უნდა, უმთავრესად ძალოსნობაში, ძიუდოში, ჭიდაობის სახეობებში გვექნება.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოში ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს

ცნობისთვის, საქართველოს საუკეთესო შედეგი ოლიმპიურ თამაშებში 2008 წელს ჰქონდა. პეკინის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა (35 მონაწილე) 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მუნდიალის შესარჩევი

ქართული ფეხბურთისთვის 2020 იმედგაცრუების წელი იყო და ეს პირველ რიგში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის წაგებული ფინალის (0:1) გამო. ცარიელ "დინამო არენაზე" გამართული ის მატჩი უკვე წარსულია, ცხოვრება კი გრძელდება და გამოუყენებელ ისტორიულ შანსზე წუწუნის ნაცვლად, წინ იმედით ყურება და იმ ნაკლოვანებების სწორად გააზრება გვჭირდება, რაც ოცნების ასრულებაში ხელს აქამდე გვიშლიდა.

ვლადიმირ ვაისის 5-წლიანი პერიოდი საქართველოს ნაკრებში დიდი იმედგაცრუებით დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წელს, რომელსაც მთავარი მწვრთნელის გარეშე ხვდება, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. რბილად რომ ვთქვათ, არცთუ იღბლიანი წილისყრის შედეგად, საქართველო B ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს დაუპირისპირდება.

მეტი ამ თემაზე: საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა! მუნდიალის შესარჩევის წილისყრის შედეგები 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 25 მარტს,  სტუმრად შვედეთთან გავხსნით და 11 ნოემბერს, ისევ შვედეთთან საშინაო დაპირისპირებით დავასრულებთ. საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი სრულად ასე გამოიყურება:

📅 25 მარტი ⚽ შვედეთი V საქართველო

📅 28 მარტი ⚽ საქართველო V ესპანეთი

📅 31 მარტი ⚽ საბერძნეთი V საქართველო

📅 2 სექტემბერი ⚽ საქართველო V კოსოვო

📅 5 სექტემბერი ⚽ ესპანეთი V საქართველო

📅 9 ოქტომბერი ⚽ საქართველო V საბერძნეთი

📅 12 ოქტომბერი ⚽ კოსოვო V საქართველო

📅 11 ნოემბერი ⚽ საქართველო V შვედეთი.

საქართველოს ნაკრები 2021 წელს ფიფას რეიტინგში 89-ე ადგილით ხვდება

ჯერჯერობით უცნობია, ვის ჩააბარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ნაკრებს. ასევე უცნობია, არჩევანი ადგილობრივ სპეციალისტზე გაკეთდება თუ უცხოელზე. იმედი ვიქონიოთ, სფფ კანდიდატურას სწორად შეარჩევს და გუნდის პროგრესი ყველა ტურნირში თვალსაჩინო იქნება. 

მოთელვა ევრობასკეტის წინ 

📅 15-23 თებერვალი 🏀 ევრობასკეტის ბაბლი

საქართველო, რომელიც ევრობასკეტი 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, 2021 წლის თებერვალში საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარას, ე.წ. "ბაბლს" უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართება. 

თბილისმა ევრობასკეტს ახალ სპორტის სასახლეში უნდა უმასპინძლოს

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება და დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრას ჩაატარებს. ესენია: საქართველო-სერბეთი, ფინეთი-შვეიცარია, საქართველო-ფინეთი და სერბეთი-შვეიცარია. ქართველი კალათბურთელები სერბეთს 19 თებერვალს ეთამაშებიან, 21-ში კი - ფინეთს.

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან სტუმრად მოიგო (94-90) და სენსაცია მოახდინა

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა "ბაბლის" პრინციპით, ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებით იასპარეზა - ორივე მატჩი მოიგო, სულ კი საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-იდან 4 მოგება აქვს და ჯგუფის ლიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს მასპინძლის სტატუსის გარეშე, სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა.

2021 წლის ზაფხულში საქრთველო 20-წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების მატჩებს არ აკლდება

ქართული კლუბები ევროთასებზე

საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი დინამო თბილისის ტრიუმფით დასრულდა, საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრა გახდა. მათთან ერთად 2021/22 წლების ევროთასებზე ჩვენი ქვეყნიდან ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი და მესამეადგილოსანი გორის დილაც წარსდგებიან.

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მე-18-ედ გახდა

ისევე, როგორც ბოლო სეზონებში, ახლაც ევროთასებზე ოთხი ქართული კლუბი გამოვა, ოღონდ, წინა წლებისგან განსხვავებით, მათგან სამი (დინამო ბათუმი, გორის დილა და გაგრა) არა ევროპალიგაზე, არამედ უეფას ახალ საკლუბო ტურნირში - კონფერენსლიგაში იასპარეზებს. სამივე ქართული კლუბი ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. 

მეტი ამ თემაზე: სად გავიდნენ ქართული კლუბები და რა ხდება ახალ ევროტურნირზე - მთავარი დეტალები

დინამო ბათუმი ევროსეზონს ახალი საშინაო არენით ხვდება

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს, დინამო თბილისი, რომელმაც წლის ბოლოს მთავარი მწვრთნელი შეიცვალა (ჩისკო მუნიოსის თანამდებობა გიორგი ნემსაძემ დაიკავა), ბედს კვლავაც ჩემპიონთა ლიგაში, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის. ამ ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაშიც, დინამო ევროთასებზე გამოსვლას გააგრძელებს, ოღონდ - კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროპალიგაზე კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მარცხის შემთხვევაში გადაინაცვლებს.

ქართველი მებრძოლები UFC-ში

ბოლო დროს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებული ინტერესი კი UFC-ის მიმართ არსებობს, რომლის ეგიდით უკვე ექვსი ქართველი მებრძოლი გამოდის - ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი. 

გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია

ამ დროისთვის UFC-ში ჩვენს გულშემატკივარს საქომაგო ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე ჰყავს, თუმცა 2021-ში ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლების რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება და იმედია, აღარც კორონავირუსის პანდემია გახდება დაგეგმილი შეხვედრების გადადებისა თუ გაუქმების მიზეზი, როგორც ეს 2020 წელს არაერთხელ მოხდა.

რომან დოლიძემ 2020 წელს UFC-ში ორივე ბრძოლა მოიგო

ჯერჯერობით UFC-ში ქართველი მებრძოლების მომავალი მეტოქეებისა და ორთაბრძოლების გამართვის ვადების შესახებ ცნობილი არაა და ამის შესახებ მომავალში გაირკვევა, იქამდე კი 2021 წელს UFC-ში ჩატარებული 5 ბრძოლიდან ამდენივე მოგებით ხვდება 32 წლის გიგა ჭიკაძე, 7-იდან ზედიზედ ბოლო 5 მოგებაა 29 წლის მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე, 2-იდან 2 გამარჯვება აქვთ 32 წლის რომან დოლიძეს და 23 წლის ილია თოფურიას. UFC-ში დებიუტი წარმატებული ჰქონდა 28 წლის გურამ ქუთათელაძეს, ხოლო 25 წლის ლიანა ჯოჯუას ამ დროისთვის ერთი მოგება და ორი მარცხი აქვს.

ლიანა ჯოჯუა UFC-ის პირველი ქართველი მებრძოლი ქალია

2021 წელი ქართული სპორტისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება გამორჩეული. უპირველესად კი თებერვალში დაგეგმილი საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება უნდა ვახსენოთ, რომელსაც "ბორჯღალოსნებისთვის" სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე უნდა შემდგარიყო, 2021 წლის 6 ან 7 თებერვალს გაიმართება. ამას გარდა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულს ნაკრებს, რომელსაც ლევან მაისაშვილი წვრთნის, წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელის, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. ასევე არის საუბარი ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზეც, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა გამართონ... 

ბორჯღალოსნებმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი უკვე მოიგეს

დაბოლოს, ვიტოვებთ იმედს, რომ 2021 წელს პანდემია აღარ იქნება დამაბრკოლებელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, სპორტისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები