Thumbnail

Transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან აძვირებს - ქართული რეკორდი მეორდება

  • რუბინის ნახევარმცველის ფასი 2,5 მილიონი ევროთი იზრდება
  • 19 წლის ფეხბურთელი საბა კვერკველიას რეკორდს გაიმეორებს
  • როტორში იჯარამ კვერკველიას საბაზრო ფასზე ცუდად იმოქმედა

Transfermarkt-ს ხვიჩა კვარაცხელიას ფასი თავის საიტზე ჯერ კიდევ არ განუახლებია, მაგრამ როგორც რუსული სპორტული მედია პორტალის კოლეგებზე დაყრდნობით წერს, 19 წლის ქართველი ნახევარმცველის საბაზრო ფასმა 10 მილიონ ევროს მიაღწია.

აღნიშნული სატრანსფერო ფასი ქართველი ფეხბურთლებისთვის რეკორდულად მაღალია და ამ ნიშნულს გარკვეული ხნის წინ, 2019 წლის ზაფხულში საბა კვერკველიამ მიაღწია.

წაიკითხე‘იყო რეალური შემოთავაზება და ახლაც განიხილება’ - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა განახლებული ფასები championat-მა გამოაქვეყნა და ირკვევა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის იმ ტოპ-10 მოთამაშეს შორის იკავებს მეხუთე ადგილს, რომლებიც ფასების განახლების შემდეგ, ყველაზე მეტად გაძვირდნენ.

Transfermarkt საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველს, რომელსაც ჯერ კიდევ ოქტომბერში 7,5 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა 2,5 მილიონით აძვირებს. 

"რუბინის ქართველი ვინგერი დიდი ხანია ევროპის რამდენიმე ტოპკლუბს მონიშნული ჰყავს და ამიტომ 10 მილიონი ევრო სავსებით ადეკვატური ფასია ახალგაზრდა ტალანტისთვის", - წერს საიტი. 

კვერკველია და კვარაცხელია 2019 წელს ლოკომოტივში ერთად თამაშობდნენ

სამწუხაროდ კლებას აგრძელებს უწინდელი ქართული რეკორდის ავტორის საბა კვერკველიას საბაზრო ფასი. საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველის ფასზე, რომლის უფლებებს მოსკოვის ლოკომოტივი ფლობს, ვოლგოგრადის როტორში იჯარით თამაში დადებითად არ აისახა. საბა ბოლო 5 მილიონ ევროდ ფასდებოდა, ამიერიდან კი 3 მილიონი ეღირება - 2 მილიონით ნაკლები, რამაც ის რუსეთის ჩემპიონატში ტოპ-10 ყველაზე გაიაფებულ მოთამაშეთა რეიტინგში მოახვედრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები