Thumbnail

'გეგუჩაძის ფაქტორი გადამწყვეტი იყო' - სანდრო ალთუნაშვილი ახალი კლუბის შესახებ

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თბილისის საბურთალოდან 23 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიმატა. ნიჭიერი ფეხბურთელი ახალი სეზონიდან გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებს. კონტრაქტი ორწლიანია - ეს სანდროს კარიერაში სრულიად ახალი გამოწვევაა.

სანდროს პოპსპორტი გაესაუბრა, მან დინამო ბათუმის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა.

POPSPORT: კარიერის დიდი ნაწილი საბურთალოში გაატარე. რატომ გადაწყვიტე დინამო ბათუმში გადასვლა?

ალთუნაშვილი: პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საბურთალოს და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მომიწია ურთიერთობა. იქ ამდენი ხანი გავატარე და საბურთალო ჩემთვის ოჯახივითაა. ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე ამ გუნდისთვის - სამი ტიტული მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ საბურთალოში თავი ამოვწურე და რაღაც ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. დინამო ბათუმისგან რომ მივიღე შემოთავაზება, ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე, რომ გადავსულიყავი.

POPSPORT: რა მოლოდინით და განწყობით მიდიხარ ბათუმში?

ალთუნაშვილი: ჩემი განწყობა საჩემპიონოა და მოლოდინიც სწორედ ჩემპიონობაა, რადგან რასაც ვუყურებ, ბოლო ორი წელი გუნდს სულ ცოტა აკლდება ჩემპიონობამდე. დინამო ბათუმი ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი და ვფიქრობ, რომ ახლა ჩემპიონობის დროა. მინდა, ამაში ჩემი წვლილი შევიტანო და ბათუმელი გულშემატკივარი გავახარო.

POPSPORT: გია გეგუჩაძის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

ალთუნაშვილი: ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რადგან მასთან დიდი ხანი არა, მაგრამ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მომიწია მუშაობა და ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია. ამიტომაც, უფრო მეტად ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე ალბათ იცით, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილია. დინამოში ჩემი ტრანსფერის ორ მთავარ მიზეზად სწორედ გიას და ლადოს კლუბში ყოფნას დავასახელებდი.  

POPSPORT: მთავარი მოლოდინი რა გაქვს?

ალთუნაშვილი: მთავარი მოლოდინი ის არის, რომ ახალ ,სტადიონზე გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე ვითამაშო.

POPSPORT: სავსე არენაზე რომელი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებდი პირველად, შენი ასარჩევი რომ იყოს?

ალთუნაშვილი: ნებისმიერის. როცა სტადიონზე მაყურებელია, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეთამაშები. თუმცა, თუ მაინც უნდა დავასახელო - ალბათ დინამო თბილისი.

POPSPORT: დინამო ბათუმიდან ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იძახებენ ფეხბურთელებს. შენთვის რა შეიცვლება ამ კუთხით და პირადად შენ როგორ ხედავ შენს თავს ეროვნულ ნაკრებში?

ალთუნაშვილი: არ ვიცი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ფორმაში ვიქნები და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ - რატომაც არა...

POPSPORT: ბათუმში უნდა იცხოვრო...

ალთუნაშვილი: მიხარია. უბრალოდ, სიახლეა ჩემთვის და შეგუება მომიწევს უცხო ქალაქთან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

POPSPORT: სხვა გუნდის ფეხბურთელისთვის რამდენად რთული იყო იგივე ანგისას ბაზაზე თამაში და ახლა, როდესაც ბათუმელი გულშემატკივრები შენს მხარეს იქნებიან, ეს რას შეგიცვლის?

ალთუნაშვილი: როდესაც ბათუმში მეტოქის რანგში ვთამაშობდი, მაყურებლისგან მაინც სტიმული მეძლეოდა და ახლა, როცა დინამო ბათუმის ფორმით ვითამაშებ და გულშემატკივარი ჩემს მხარეს იქნება, ორმაგი სტიმული იქნება ჩემთვის და უფრო მეტს გავაკეთებ.

FC DINAMO BATUMI

ზედიზედ მეორედ, დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია - მიმდინარე სეზონმა ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვა! 💙 [სეზონი 2020]

Posted by FC Dinamo Batumi on Thursday, December 10, 2020

შეგახსენებთ, რომ სანდრო ალთუნაშვილი საბურთალოს აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არ უთამაშია. მან თბილისურ კლუბში 2013 წლიდან 165 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. საბურთალოსთან ერთად ალთუნაშვილი თითოჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები