Thumbnail
  • ქართული სპორტის TOP 10 ტალანტი
  • 2021 წელს ისინი უკვე დიდების ასპარეზზე გამოჩნდებიან

2020 განსხვავებული წელიწადი იყო - მსოფლიო პანდემიამ სპორტიც ძალიან აზარალა. თუ ზოგიერთი სახეობა ასე თუ ისე გაუმკლავდა სიტუაციას, ზოგს მთელი სეზონი ჩაუვარდა. თუმცა ქართულ სინამდვილეში 10 ნიჭიერი სპორტსმენის მოძიება არასდროს იქნება რთული:

გიორგი აბუაშვილი 

ფეხბურთი: დინამო თბილისი. 17 წლის

გიორგი აბუაშვილი

ახალი ჩაკვეტაძე, თუ ახალი კვარაცხელია? 17 წლის მარცხენა შემტევს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამ სეზონში მას ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია (შარშან 1 მატჩი ითამაშა, ერთიც თასზე). დინამოს ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე აცხადებს, რომ კლუბის ტალანტებს შანსი მიეცემათ. ასე რომ, 2021 წელს მას დინამოს მთავარ გუნდში ველით. "ტრანსფერმარკტი" აბუაშვილს უკვე 200 000 ევროდ აფასებს, თუმცა პროფესიულ კარიერაში ჯერ მხოლოდ ორ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

ჟორჟ მიქაუტაძე

ფეხბურთი: სერენი (ბელგია). 20 წლის

ჟორჟ მიქაუტაძე

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძეს ქართველი გულშემატკივრები უკვე კარგად იცნობენ, ის მხოლოდ ახლახან გახდა 20 წლის. დიდი შანსია, მან სამომავლოდ საქართველოს ნაკრები აირჩიოს, ამიტომაც 2021-ში ჟორჟს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ. მან უკვე გამოიჩინა თავი, როცა სეზონის პირველ ნახევარში 16 გოლი გაიტანა. მისგან მომავალში ბევრს ელიან.

ლუკა ავალიანი

კალათბურთი: უოლტონი (ჰაი სქული). აშშ. 17 წლის

ლუკა ავალიანი

ლუკა მცველია, ქართულ კალათბურთში კი ბოლო დროს უხვად მოდიან ფორვარდი ტალანტები, იშვიათად მცველები. 2019 წელს ის U16 ნაკრებში საშუალოდ 14.9 ქულას, 3.9 მოხსნას და 1.9 პასს აკეთებდა. ამერიკული ჰაი სქულის გუნდში ავალიანი უკვე ერთ-ერთი ლიდერია.  

ალექს მერკვილაძე

კალათბურთი: კალ სტეიტი (NCAA). აშშ. 18 წლის

ალექს მერკვილაძე

NCAA-ს ელიტური დივიზიონის პირველსავე მატჩში ქართველმა მძიმე ფორვარდმა საოცრად ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა (20 ქულა, 12 მოხსნა). ამერიკის კოლეჯთა ლიგამ კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი შეიძინა. 

ბესარიონ ახვლედიანი 

წყალბურთი: დინამო თბილისი. 16 წლის

ბესარიონ ახვლედიანი

ასაკის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩში იადრანთან, სწორედ ახვლედიანმა გახსნა ანგარიში დინამო თბილისის სასარგებლოდ. 16 წლის წყალბურთელს იმ მატჩში ერთი საგოლე პასიც ჰქონდა. ის ქართული წყალბურთის ერთ-ერთი მომავალია. 

დემე თაფლაძე

რაგბი: ლელო სარასენსი. 20 წლის

დემე თაფლაძე

უკვე ეროვნული ნაკრების წევრია. "შემოდგომის ერთა თასის" წინ ევროპული მედია თაფლაძეს იმ 7 ტალანტს შორის მოიხსენიებდა, რომელთაც ამ ტურნირზე უნდა დაკვირვებოდნენ. "თაფლაძეს შეუძლია გახდეს საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი იარაღი" - წერდა Rugbypass.

მიხეილ ალანია

რაგბი: ორიაკი (საფრანგეთი). 20 წლის

მიხეილ ალანია

ჯიქის 9 ნომერს 2020 წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა - ის ფრანგულ ორიაკში გადავიდა, სადაც პირველივე მატჩში ლელო გაიტანა. ნოემბერში კი "ბორჯღალოსნების" რიგებში დებიუტი ჰქონდა, მან ირლანდიასთან "შემოდგომის ერთა თასზე" ითამაშა. 

ილია სულამანიძე

ძიუდო: 19 წლის

ბუენოს აირესში ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ახლახან ხორვატიაში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ეს მან ზედიზედ მეორედ შეძლო. ილია დიდებშიც იმკვიდრებს ადგილს 100 კილომდე წონით კატეგორიაში ის მსოფლიოს რეიტინგში 62-ე ნომერია, ახალგაზრდებში კი - პირველია.  

ქეთა ვანეცკი

ხელბურთი: ისტოგუ (კოსოვო). 22 წლის

ქეთა ვანეცკი

ქართველმა ხელბურთელმა ამ სეზონში ისტოგუს შემადგენლობაში ევროპის თასზე იასპარეზა. ის უკვე მესამე სეზონია, ამ კლუბის ღირსებას იცავს, თუმცა უკვე გუნდის ლიდერი გახდა. ახლახან ვუშტრიასთან მატჩში 7 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

ილია თოფურია

UFC: 23 წლის

ილია თოფურია

UFC-ის ოფიციალურმა საიტმა ილია თოფურია ახლახან წლის 10 საუკეთესო ახალბედას შორის დაასახელა. ქართველ მებრძოლს ორი ორთაბრძოლა აქვს მოგებული და ილიასგან, რომელსაც "ელ მატადორს" უწოდებენ, მომავალ წელს გაცილებით მეტს ელიან.

წაიკითხე | რომელ სპორტსმენებზე ვწერდით ერთი წლის წინ

პოპსპორტმა ანალოგიური სტატია 2019 წლის ბოლოსაც შემოგთავაზათ. მაშინ ჩვენ ეს სპორტსმენები დავასახელეთ: ნიკა ნინუა, ლუკა გაგნიძე (ფეხბურთი), სანდრო მამუკელაშვილი, საბა გიგიბერია (კალათბურთი), იოანე იაშაღაშვილი (რაგბი), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), მარიამ ბოლქვაძე (ჩოგბურთი), გიორგი ცხოვრებაძე (ხელბურთი), ნიკა შუშიაშვილი (წყალბურთი), მარია კაზაკოვა & გიორგი რევია (ფიგურული ციგურაობა). მათგან ყველაზე მეტად სანდრო მამუკელაშვილმა გაამართლა, რომელიც NCAA-ს ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა და ვისაც ზაფხულში NBA-ს დრაფტზე ელიან...

კომენტარები

ბოლო ამბები