Thumbnail

'ერთხელ ბათუმში 2:0-ს ვიგებდით და 2:4 წავაგეთ!' - გრიგოლ ჩაბრაძის ინტერვიუ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გრიგოლ ჩაბრაძე დინამო ბათუმის ფეხბურთელია
  • ბოლო სეზონი თელავში იჯარით გაატარა, დინამოში საბურთალოდან გადავიდა
  • მარჯვენა მცველმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

დინამო ბათუმმა თბილისის საბურთალოდან მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე დაიმატა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით თელავში გაატარა და თავიც გამოიჩინა. 24 წლის ფეხბურთელს გამორჩეული წელი ჰქონდა და 2020 წლის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.


ჩაბრაძე მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში დინამო ბათუმის ღირსებას დაიცავს, პოპსპორტმა მას ზღვისპირული გუნდის წევრის რანგში პირველი ინტერვიუ ჩამოართვა.

POPSPORT: კარიერული თვალსაზრისით როგორი ნაბიჯია დინამო ბათუმში გადასვლა?

გრიგოლ ჩაბრაძე: რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია. დინამო ბათუმი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ჩემპიონობისთვის იბრძვის და დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ჩემპიონი ამ გუნდში.

POPSPORT: რა დააკლდა დინამო ბათუმს ჩემპიონობის მოსაპოვებლად გასულ სეზონში?

ჩაბრაძე: ვფიქრობ, რომ ჩემპიონობამდე 99%-ით მაყურებელი დააკლდა.

POPSPORT: რამდენად იყო ის ფაქტორი შენს გადაწყვეტილებაში, რომ გია გეგუჩაძეა დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი?

ჩაბრაძე: რა თქმა უნდა, გიამ ითამაშა როლი, როგორც ლადო დვალიშვილმა. ლადოსთან ერთად ნათამაშები მაქვს, ხოლო გეგუჩაძესთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვიყავი. ფეხბურთის მისეული ხედვა მომწონს. მინდა, გიასთან პროგრესი განვიცადო. ჩემთან ახლოს არის მისი საფეხბურთო ფილოსოფია, ჩვენი შეხედულებები ფეხბურთზე ერთმანეთს ემთხვევა.

POPSPORT: გასული სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდი და ახალი სეზონისგან რა მოლოდინი გაქვს, რა მიზნებს უსახავ საკუთარ თავს?

ჩაბრაძე: სასიხარულოა სიმბოლურ გუნდში მოხვედრა და გამორჩევა. კარგი სეზონი გამომივიდა, მადლობა მინდა გადავუხადო თელავის ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, ხელმძღვანელობას - მენდობოდნენ და ესეც ამის შედეგია. რაც შეეხება მოლოდინს, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებში ვითამაშო. რაღაც დონით წინ მიდიხარ, როდესაც ნაკრებში თამაშობ.

POPSPORT: ახალი სტადიონის მიმართ რა მოლოდინი გაქვს და თუ ხარ ნამყოფი? სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში რა ემოცია იქნება?

ჩაბრაძე: ახალი სტადიონი ბათუმისთვის და გუნდისთვის დიდი პლუსი იქნება. მახსოვს, 2:0-ს ვიგებდით, როდესაც საბურთალოში ვთამაშობდი და 2:4 წავაგეთ. ახლაც ვფიქრობ, რომ ის თამაში მაყურებელმა მოგვიგო. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში არნახული, დაუვიწყარი თამაში. დიდი სტიმული იქნება გულშემატკივარი ამ სტადიონზე და ყველა გუნდს გაუძნელდება იქ თამაში.

POPSPORT: ყველაზე ხანგრძლივად ბათუმში რამდენი ხანი ყოფილხარ?

ჩაბრაძე: ერთი კვირა.

POPSPORT: ახლა იქ ცხოვრება მოგიწევს...

ჩაბრაძე: ჩემი აზრით, მარტივი იქნება, რადგან ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. იქ ახლობლებიც მყავს და უფრო შევეწყობი გარემოს. თან, დიდი მოლოდინი მაქვს ჩემპიონატის, ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ჩემი მიზნები და ჩემს გვერდით მყოფი ხალხი გამიმარტივებს ყველაფერს.

გრიგოლ ჩაბრაძე საბურთალოს აღზრდილია და თბილისური გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, გასული სეზონი კი თელავში გაატარა. მას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, 21-წლამდელთა მაისური კი 6-ჯერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები