Thumbnail
  • საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გასული სეზონის საუკეთესოები დასახელდნენ
  • სიმბოლურ გუნდში დინამო ბათუმიდან მამუკა კობახიძე და ჯაბა ჯიღაური მოხვდნენ
  • მამუკა კობახიძე ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველადაც დაასახელეს

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელ-ფეხბურთელები გამოვლინდნენ. დასახელდა ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდიც.

საუკეთესოები ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების საშუალებით გამოვლინდნენ. პანდემიით გამოწვეული საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, დაჯილდოება შეცვლილი ფორმატით - ონლაინ რეჟიმში გაიმართა.  

სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით

სეზონის საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) გახდა. ნომინანტები ასევე იყვნენ: როინ კვასხვაძე (დინამო თბილისი) და ლუკა გუგეშაშვილი (დილა).

სეზონის საუკეთესო მცველი მამუკა კობახიძეა (დინამო ბათუმი). ნომინანტები ასევე იყვნენ: დავით კობოური (დინამო თბილისი) და ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი).

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი ბექა დარცმელიაა (ლოკომოტივი). ნომინანტები ასევე იყვნენ: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) და ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბათუმი).

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი (დილა) გახდა. ნომინანტები ასევე იყვნენ: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ნიქაბაძე (დინამო ბათუმი).

საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი - მიკოლა კოვტალიუკი (დილა, 13 გოლი) 

ბომბარდირთა სამეულში ასევე მოხვდნენ ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, 9 გოლი) და ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, 8 გოლი).

საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე უკრაინელი კოვტალიუკის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ: ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბათუმი) და ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი).

საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი) 

ნომინანტები ასევე იყვნენ: ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი) და გიორგი ნემსაძე (დილა).

საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი)

ნომინანტები ასევე იყვნენ მიკოლა კოვტალიუკი (დილა) და ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი).

ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში 2-2 ფეხბურთელით ჩემპიონი დინამო თბილისი და ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმია წარმოდგენილი. გუნდში ყველაზე მეტი - 4 მოთამაშე კი თბილისის ლოკომოტივს ჰყავს.

სიმბოლური ნაკრები: მამარდაშვილი (ლოკომოტივი) - ჩაბრაძე (თელავი), სანდოძაძე (ლოკომოტივი), კობახიძე (დინამო ბათუმი), კობოური (დინამო თბილისი) - ქავთარაძე (დინამო თბილისი), დარცმელია (ლოკომოტივი), ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯიღაური (დინამო ბათუმი) - კოვტალიუკი (დილა), სიხარულიძე (ლოკომოტივი).

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "რა თქმა უნდა, სასიხარულოა სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა. ეს ყველა ფეხბურთელისთვის სასიხარულოა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, სიხარულისგან გადავირიე-მეთქი, ასე არ არის. მთავარი ჩემპიონობა იყო და ეს ვერ მოვახერხეთ. მოვხვდებოდი თუ არა სიმბოლურ ნაკრებში ამას არც ვანიჭებდი მნიშვნელობას, რადგან როდესაც ჩემპიონი ვერ ხდები, ინდივიდუალური ჯილდო უმნიშვნელოა.

ჩემპიონატი ძალიან დიდი პაუზებით წარიმართა და ამან ხელი შეგვიშალა. სეზონის სტარტზე შედარებით სუსტ გუნდებთან ბევრი ქულა დავკარგეთ და ამან შემდეგ გავლენა იქონია. დინამო თბილისმა თავისი თამაშები მოიგო და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. რაც შეეხება პირადად ჩემს სეზონს, ნებისმიერ თამაშში ვცდილობ გუნდს დავეხმარო და წარმატება მოვუტანო. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა უკეთესი გამოსვლაც, ორი პენალტი ვერ გავიტანე და რომ გამეტანა, უკეთესი შედეგი მექნებოდა. მთლიანობაში ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, 18 თამაშში 8 გოლი და 2 საგოლე პასი ნახევარმცველისთვის ცუდი შედეგი არ არის. ვეცდები, მომდევნო სეზონში უკეთ ვითამაშო".

ეროვნული ლიგა 2

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დასახელდა ეროვნული ლიგა 2-შიც. 

⭐ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შუქურას ბრაზილიელი ლეგიონერი ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო გახდა.

⭐ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დასახელდა, რომლის გაწვრთნილმა ქობულეთის შუქურამ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაიფორმა და რანგით პირველ დივიზიონში დაწინაურდა.

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი თომა ტაბატაძე (რუსთავი, 13 გოლი) გახდა. მეორე და მესამე ადგილებს შესაბამისად ჯეფინიო (შუქურა, 11 გოლი) და გიორგი ხარებაშვილი (რუსთავი, 10 გოლი) იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები