Thumbnail
  • ჩელსის ბრაზილიელ მცველს იმედი აქვს, რომ ყატარში ითამაშებს
  • 36 წლის ფეხბურთელი ასაკის მატებას ყურადღებას ნაკლებად აქცევს
  • ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალზე ბოლოს 2002 წელს გაიმარჯვა  

ლოდონის ჩელსისა და ბრაზილიის ნაკრების მცველი ტიაგო სილვა საერთაშორისო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. 36 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ არამხოლოდ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე შეძლებს თამაშს, ტიტულსაც მოიგებს. 

"პირველ რიგში, მაქვს ამბიციები, რომ ჩელსიში გავაგრძელო კარგად გამოსვლა. ეს კლუბი იმის გამო ავირჩიე, რომ კვლავინდებურად ძალიან მაღალ დონეზე მეთამაშა. რა თქმა უნდა, მაქვს ამბიცია და ვაპირებ მაქსიმალურად ვიშრომო, რათა ვითამაშო მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს მუნდიალი გამორჩეული იქნება და არ დაემსგავსება ყველა დანარჩენს. 

იმედი მაქვს, რომ მომეცემა იქ წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ჯერჯერობით ამ დონეზე მუშაობა უნდა გავაგრძელო. ჯერ ნაკრებთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უნდა მოვიგოთ, რათა მუნდიალის საგზური მოვიპოვოთ. ხალხი მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მსჯელობს, მაგრამ ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპია გასალელი. 

ჩემი მთავარი მიზანი ესაა - ვითამაშო თანაგუნდელებთან ერთად და მოვიგო მატჩები, რათა შესარჩევი გავიაროთ, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მოვემზადო და შევეცადო, დავაბრუნო დიდი ჯილდო ბრაზილიაში", - ამბობს სილვა. 

ბრაზილიელი ჩელსიში პარი სენ-ჟერმენიდან გადაბარგდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში ყატარში გაიმართება. მუნდიალის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს 12 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ტიტეს გუნდი 26 მარტს, სტუმრად კოლუმბიასთან გამართავს.

მიმდინარე სეზონში ჩელსის ბრაზილიელმა მცველმა ყველა საკლუბო ტურნირის 14 მატჩში ითამაშა და 2 გოლითაც გამოირჩა.  

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამარჯვება 5-ჯერ აქვს მოპოვებული, ბოლოს კი ეს 2002 წელს მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები