Thumbnail
  • 'სიმართლის მოსმენა არ უნდათ? გარედან მოისმენენ სიმართლეს'
  • საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დღეს “ლელო სარასენსის” ბაზაზე ჩანიშნული საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომა სრკ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე იქნა მოწვეული, რომელიც 30 დეკემბერს დანიშნული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გადადებას ითხოვს, თუმცა, თავად სხდომაზე არ გამოჩენილა.

სამაგიეროდ, ლელო სარასენსის ბაზაზე მივიდნენ პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატები გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე და საკმაო მწვავე განცხადებებიც გააკეთეს. მათი თქმით, გამგეობის სხდომის ჩანიშვნა ჩუმად მოხდა და არჩევნების გადადება მხოლოდ ბაჩო ხურციძეს სურს. სვანიძისა და აბუსერიძის განცხადებით, მათთვის არჩევნების გადატანა, რომელიც ისედაც თითქმის ერთი წელია ვერ შედგა, კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც კლუბების და მორაგბეების დიდი ნაწილისთვის.

გოჩა სვანიძე: “სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი და წესრიგი უნდა დამყარდეს აქ. არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს. ჩაშლა ვის აწყობს? ვისაც არ უნდა განვითარება, ვისაც სჭირდება გარანტია მოგებისთვის. დღეს ჩვენ სახლიდან რომ გამოვდივართ, იმის გარანტია არ გვაქვს, რომ დავბრუნდებით. მიუხედავად ამისა, ნაბიჯებს ვდგამთ. როგორც სჩანს, ბაჩო ხურციძე აგებს არჩევნებს და მას უნდა გადადება და რატომ თამაშობენ მის ჭკუაზე სხვები, მე ვერ გავიგე. გახსოვთ, რომ გამგეობის თავმჯდომარეც ვიყავი, პრეზიდენტიც ვიყავი და ასე არ გამომიყენებია რაღაც ბერკეტები მანიპულირებისთვის. სია გადმოგვცეს და სიაში არ ხართო. ხომ მაგარია, არა? მივალ ვესვრი, ვეჩხუბები თუ სიმართლის მოსმენა არ უნდათ? გარედან მოისმენენ სიმართლეს, ცოცხებით გავყრი მაგათ ვინც არიან მანდ”.

ირაკლი აბუსერიძე: “წესით, აქ, ლელო სარასენსის ბაზაზე არ უნდა ინიშნებოდეს გამგეობა, რომელიც უნდოდათ ჩუმად ჩაეტარებინათ, რაც არის სამარცხვინო და მიუღებელი. ურთიერთგამომრიცხავი, რადიკალურად განსხვავებული განცხადებების საფუძველზე მოხდა დღეს გამგეობის ჩანიშვნა. ბაჩო ხურციძემ მიმართა განცხადებით სპორტის სამინისტროს, რის საფუძველზეც მათ თხოვნით მოგვმართეს, რომ აღნიშნული წერილის საფუძველზე ჩანიშნულიყო გამგეობის სხდომა და განხილულიყო ეს საკითხი. ვინ დგას ამის უკან, ალბათ, თავად ხურციძეს უნდა ჰკითხოთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები თითქმის 1 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო დიდი ხნით გადაიდო და მისი გამართვა ახლაღა გადაწყდა. პრეზიდენტობისთვის მებრძოლთა სიაში სიახლეები არ არის. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაზე პრეტენზიას კვლავაც ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე აცხადებენ. ამ სამეულიდან აღნიშნულ პოსტზე მუშაობის გამოცდილება მხოლოდ სვანიძეს აქვს. ის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს და თანამდებობაზე გასული წლის ზაფხულამდე იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები