Thumbnail

დინამო ბათუმმა პოლონურ კლუბს ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმე მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმმა ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში პოლონურ კლუბს საქმე მოუგო
  • ასეთი პრეცედენტი ქართულ ფეხბურთში პირველად მოხდა

დინამო ბათუმმა პოლონურ კლუბ ნიეცაჩას ტერმალიცას ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო. 2018 წლის იანვარში პოლონურ გუნდში დინამოდან ნიკა კვანტალიანი გადავიდა, თუმცა ტერლამიცამ კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა, რის შედეგადაც დინამო ბათუმმა ფიფაში უჩივლა.

ფიფამ ქართული კლუბი გაამართლა და პოლონელებს თანხის გადახდა დააკისრა, მაგრამ მაინც ყველაფერი ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა, რომელმაც საქმის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ტერმალიცას აპელაცია არ დააკმაყოფილა და ფიფას მიღებული გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ იურიული ხარჯების გადახდაც ტერმალიცას დააკისრა.

ნიკა კვანტალიანის ტრანსფერი ფინანსური დავის საგანი გახდა

ქართული კლუბის საქმე ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში პირველად განიხილეს, საქმეს დინამო ბათუმის კლუბის ადვოკატი დავით ებრალიძე ხელმძღვანელობდა.

დავით ებრალიძე (დინამო ბათუმის ადვოკატი): "დინამო ბათუმიდან პოლონურ ტერმალიცაში გადავიდა ნიკა კვანტალიანი და პოლონელებს ევალებოდათ კომპენსაციის გადახდა დინამოსთვის, რომელიც არ გადაიხადეს. კლუბი ამიტომაც გახდა იძლებული, რომ ფიფასთვის მიემართა. ფიფამ შეისწავლა ეს საკითხი და პოლონურ კლუბს დაავალა ამ თანხის გადახდა. თუმცა, პოლონელებმა გადაწყვეტილება ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიული შემთხვევა იყო, რადგან ქართული საქმე ამ დონის სასამართლოში არ განხილულა.

ლოზანის სასამართლომ საქმეზე სამი მსაჯი დანიშნა და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პოლონელი იყო. თავიდან ვაპირებდით, რომ ამ არბიტრის აცილება მოგვეთხოვა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ. საბოლოო ჯამში, ესპანელმა, შვეიცარიელმა და პოლონელმა არბიტრებმა ეს საქმე დისტანციურად განიხილეს. 11 ნოემბერს მოვიდა პასუხი და სრულად დააკმაყოფილეს ჩვენი პოზიცია, პოლონელებს კი ყველანაირ პრეტენზიაზე უარი უთხრეს და ასევე დააკისრეს იურიუდიული ხარჯების ანაზღაურება.

ეს ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველოს მხარე აქამდე არასდროს ყოფილა ამ დონის სპორტულ არბიტრაჟში. აგრეთვე, ქართველ ადვოკატს არასდროს უწარმოებია საქმე ამ დონეზე და ყოველგვარი უცხოელი ადვოკატების გარეშე იმუშავა. ეს იგივეა, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალები გვყავს, რომელთაც  შეუძლიათ, ამ დონეზე საქმე მოუგონ ევროპულ კლუბებსა და ადვოკატებს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დინამო ბათუმის შესაბამის თანამშრომლებს, პირველ რიგში არჩილ ინწკირველს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში და ასევე ფეხბურთის ფედერაციის ტი-ემ-ესის მენეჯერ ნათია შენგელიას."

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვანტალიანი დინამო ბათუმიდან ნიეცაჩას ტერმალიცაში 2018 წლის ზამთარში გადავიდა, თუმცა პოლონურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და მალევე დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები