Thumbnail

პანდემია 2021-საც მისწვდა - ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატები გააუქმა

  • მომავალ წელს U17 და U20 მსოფლიოს ჩემპიონატები აღარ ჩატარდება
  • 2021 წელს ტურნირები პერუსა და ინდონეზიაში უნდა ჩატარებულიყო
  • ფიფამ ქალთა მუნდიალის ფინალური ეტაპი 32-გუნდიანი გახადა 

ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 17 და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატები, რომლებიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებულია. 

ტურნირები პერუსა (17-წლამდელები) და ინდონეზიაში (20-წლამდელები) უნდა ჩატარებულიყო. ფიფას გადაწყვეტილებით, ეს ქვეყნები სანაცვლოდ, მსოფლიოს პირველობების მასპინძლების უფლებას 2023 წელს მიიღებენ. 

20-წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უკრაინის ნაკრებია, რომლის შემადგენლობაში ამ ქვეყნის მოქალაქე გიორგი წიტაიშვილი გამოდიოდა. ფინალურ მატჩში, რომელშიც უკრაინელებმა სამხრეთ კორეას 3:1 მოუგეს, საბოლოო ანგარიში სწორედ წიტაიშვილმა დააფიქსირა.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 

17-წლამდე ასაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ტურნირი ისტორიაში მეოთხედ მოიგო. 

ამას გარდა, ფიფამ გადაწყვეტილება მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატთან დაკავშირებითაც მიიღო - 2023 წლის ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები