Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაისად ზაფხულში ტესტ-მატჩის ჩასატარებლად არგენტინაში ჩავა. ამ ინფორმაციას არგენტინული პრესა ავრცელებს.

America’s rugby news ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში იუწყებოდა, რომ “პუმების” შესაძლო მეტოქეთა შორის “ბორჯღალოსნებიც” იმყოფებოდნენ. უბრალოდ, მაშინ საქართველოს ნაკრების გარდა, ფიჯელების შესახებაც იწერებოდა, ახლა კი, სიაში კუნძულელები აღარ ფიგურირებენ. აი, რას წერს cordobaxv.com.ar:

“არგენტინის ნაკრებმა 2021 წლის კალენდარი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც გაისად ერთბაშად 12 მატჩის ჩატარება იგეგმება. მარიო ლედესმას შეგირდები ივლისში საქართველოსთანა და 2-ჯერ უელსთან ითამაშებენ, ნოემბერში კი საფრანგეთთან, იტალიასთანა და ირლანდიასთან ტესტებია დაგეგმილი. ცხადია, ამას ემატება რაგბი ჩემპიონშიპის 6 თამაშიც: “პუმები” ტრადიციულ ტურნირზე ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას 2-2-ჯერ დაუპირისპირდებიან”.

ცნობისთვის, “ბორჯღალოსნებს” არგენტინასთან 5 მატჩი აქვთ ჩატარებული და მოგება ჯერაც არ გააჩნიათ. საქართველოს ნაკრებმა არგენტინასთან 3-ჯერ მსოფლიო თასზე წააგო: 3:33 – 2007 წელს, 7:25 – 2011-ში და 9:54 – 2015-ში. ამას გარდა იყო არგენტინაში გამართული 2 ტესტ-მატჩი, რომლებიც მასპინძლებმა, 2013 და 2017 წლებში, შესაბამისად, 29:18 და 45:29 მოიგეს.

კიდევ უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან თამაშს შოტლანდიის ეროვნული გუნდიც გეგმავს, იმ სხვაობით, რომ მატჩი თბილისში უნდა ჩატარდეს. თუკი ორივე ეს ცნობა დადასტურდა, უდავოა, რომ “ბორჯღალოსნებს” საკმაოდ დატვირთული კალენდარი ექნებათ.

მოსალოდნელია, რომ მომავალი ტესტ-მატჩების დამტკიცების დროს, საქართველოს რაგბის კავშირში რაგბი ევროპის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებაც მოუწევთ, რომლის თანახმადაც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 6-7 მარტს დაიწყება და სწორედ ივლისში დასრულდება, როდესაც ზაფხულის ტესტებია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები