Thumbnail

მილანმა ისევ არ წააგო და ეს ემოციები შეუდარებელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 2020 წელი მილანისთვის დაუვიწყარი გამოდგა
  • ლაციოსთან გამარჯვებით ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია

სერია A-ს მიმდინარე სეზონში მცირე, საშობაო პაუზა დაიწყო და ახალ, 2021 წელს მილანი ლიდერის სტატუსით ხვდება. ზუსტად ერთი წლის წინ ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. შედარებისთვის, 'როსონერის' შარშან 14 ტურის შემდეგ მხოლოდ 17 ქულა ჰქონდა, ახლა კი 34 აქვს - ანუ, ორჯერ მეტი. თან, ზუსტად 1 წლის წინ შავ-წითლები ისევ კრიზისში იყვნენ და ზუსტად წინასაშობაოდ ბერგამოს ატალანტასთან 0:5 წააგეს.

თუმცა, დადგა 2020 წელი და მილანის ხანგრძლივი ბნელი წლებიც უკან დარჩა. იტალიური გრანდი საოცრად ათამაშდა და რეკორდებს რეკოდებზე ამყარებს. მაგალითად, მილანი 1948 წლის შემდეგ პირველი და ისტორიაში მე-2 გუნდი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში ზედიზედ 15 შეხვედრაში შეძლო მინიმუმ 2 გოლის გატანა. 1948 წელს ბარსელონამ ამის გაკეთება ზედიზედ 18-ჯერ მოახერხა.

ლოქდაუნის შემდეგ მილანმა ერთადერთი თამაში წააგო - ევროპალიგაზე ლილის წინააღმდეგ, ხოლო სერია A-ში მარტის შემდეგ არ დამარცხებულა. მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებში ერთადერთი გუნდია, რომლის წაგებათა გრაფაში კვლავაც 0 წერია!

მილანმა 2020 ყველა ტურნირზე მხოლოდ 3 თამაში წააგო და 106 გოლი გაიტანა

ყველაფრის კულმინაცია ლაციოსთან თამაში გამოდგა. მილანი ლიდერობის დაკარგვასთან ახლოს იყო - "არწივებთან“"ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრე, 2:2, რომელიც 91-ე წუთამდე ფიქსირდებოდა, პირველ ადგილს მეორე მილანურ გრანდს, ინტერს ანიჭებდა. თუმცა, სწორედ მაშინ, როდესაც თამაშის დამთავრებამდე არაფერი რჩებოდა, ფრანგმა მცველმა ტეო ერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და როსონერი სატურნირო ცხრილის სათავეში დატოვა.

რა თქმა უნდა, ემოცია განსაკუთრებული იყო და სოციალური ქსელიც "ააფეთქა". მაგალითად, პორტუგალიელმა რაფაელ ლეაომ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, ტიფოზებს გადაუხადა მადლობა და დაწერა, რომ მათი წყალობით მატჩების მოგება მის დაწყებამდე დაიწყეს - მილანის ავტობუსი ტიფოზებმა სტადიონზე ლამაზი პერფორმანსით მიაცილეს და ლეაომაც ეს იგულისხმა.

📺 მილანელთა ემოციები ლაციოსთან გამარჯვების შემდეგ

მილანელთა კოტ დივუარელი ლიდერი ფრანკ კესი ლაციოსთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა, მაგრამ სახლიდან ქომაგობდა თანაგუნდელებს და გამარჯვებამ იმდენად გააბედნიერა, - ყველას ახარა - მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავსო (ძნელია, ამ გადმოსახედიდან ვინმე მოედავოს).

და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ტიციანო კრუდელი! ალბათ არ არსებობს გულშემატკივარი, ვისაც ამ კაცის ემოცია ერთხელ მაინც არ უნახავს. ‘ჩემი ტეო, ჩემი ტეო, ჩემი ტეო!’ - შეშლილი ხმით, განუწყვეტლივ იმეორებდა საყვარელი გუნდის გამარჯვების მთავარი შემოქმედის სახელს ტიციანო კრუდელი - კაცი, რომელიც ალბათ მსოფლიოში ყველაზე ემოციური კომენტატორია...

მილანს საჩემპიონო ამბიცია აქვს და რაც გამოსარჩევია, ლომბარდიულმა გრანდმა ბოლო ტურებში რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა - მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ისამელ ბენასერისა და სიმონ კიაერის. დანაკლისის და პრობლემების მიუხედავად, 2020 წელს მილანი უბრალოდ შეუდარებელი იყო და თუ ვინმესთვის ეს წელიწადი დასამახსოვებელი იყო, ალბათ პირველ რიგში 'როსონერისთის' - არა მხოლოდ საფეხბურთო დონეზე, ზოგადად: 2020 წელი ყველაზე კარგად ალბათ მილანს და მის ტიფოზებს გაახსენდებათ.

თუმცა, ჯერ სეზონის ფინიშამდე გრძელი გზაა გასავლელი. წინ 24 ტურია და სატურნირო ცხრილში შექმნილი სიტუაცია "როსონერის" დამშვიდების და მოდუნების უფლებას არ აძლევს.

📺 მილანი 3:2 ლაციო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები