Thumbnail

'ათიანის' ვარიანტი - ოთარ კიტეიშვილი ბელგიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ურჩიეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გრაცის შტურმის ნახევარმცველს ავსტრიაში ძალიან კარგი სეზონი აქვს
  • 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ ანდერლეხტს სთავაზობენ

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს ავსტრიაში ძალიან კარგი სეზონი აქვს. კორონავირუსისა და მცირე ტრავმის მიუხედავად, 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ავსტრიის ბუნდესლიგის 8 მატჩში გატანილი 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. 

ოთარის მიმართ ინტერესი არსებობს და ამის მაგალითი ბელგიური voetbalnieuws.be-ს სტატიაა, სადაც კიტეიშვილი იმ 10 ფეხბურთელს შორისაა დასახელებული, რომლებიც ანდერლეხტს "10 ნომრის" პოზიციაზე არსებულ პრობლემას მოუგვარებდა. 

transfermarkt ოთარ კიტეიშვილს 2 მილიონ ევროდ აფასებს

"ამ სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 8 მატჩში ითამაშა, მაგრამ 3 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესარულება მაინც მოახერხა. 24 წლის ქართველი ტალანტი ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, რამაც კლუბში მის მომავალთან დაკავშირებით ავსტრიაში სპეკულაციები წარმოშვა. ბოლოს და ბოლოს, კიტეიშვილს კონტრაქტი 2022 წლის შუაში ეწურება.
 
მას თავად უთქვამს, რომ ოცნებობს დიდ კლუბში თამაშზე, თუმცა გრაცის შტურმშიც თავს ბედნიერად გრძნობს. მასთან ხელშეკრულების გახანაგრძლივებაზე მუშაობს კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში, კლუბი ტრანსფერზე უარს არ იტყვის", - წერს საიტი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში 2018 წლის ზაფხულში, დინამო თბილისიდან გადაბარგდა და შტურმში უკვე მესამე სეზონს ატარებს. შემტევ ნახეარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან მოყოლებული, 18 მატჩში აქვს ნათამაშები და მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

ოთარი შტურმში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია

ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ, გრაცის შტურმს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ზალცბურგს (25) ჩამორჩება, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. 

ანდერლეხტი ბელგიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც ჩემპიონობა 33-ჯერ, ქვეყნის თასი 9-ჯერ, ხოლო  სუპერთასი 13-ჯერ აქვს მოგებული. ამასთან, გუნდს ორ-ორჯერ თასების მფლობელთა თასსა და ეუფას სუპერთასზე, ერთხელ კი უეფას თასზე გაუმარჯვია. ბელგიის მიმდინარე ჟუპილერლიგაში ანდერლეხტი 29 ქულით მე-5 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები