Thumbnail

2021 წლის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო - ცვლილებები მოჭიდავეთა კალენდარში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პანდემიის გამო, გაისად იანვარ-თებერვალში არცერთი შეჯიბრება აღარ ჩატარდება
  • გასულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების მონაგარი 8 მედალი იყო

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ტექნიკური კომისიის ვირტუალურ სხდომაზე, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს, არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარების თარიღი და ადგილი შეიცვალა.

უმთავრესი გადაწყვეტილები ისაა, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გაისად იანვარ-თებერვალში არცერთი შეჯიბრება აღარ ჩატარდება. შედეგად გადაწყდა, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება, ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ტურნირი 18-21 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და 6-9 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შედგება.

მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეჯიბრებების თარიღები და ადგილი კვლავ შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება მასპინძელი ქვეყნებში არსებული მდგომარეობით ანუ რამდენად შეძლებენ ისინი UWW-ს მკაცრი სანიტარული მოთხოვნებს დაკმაყოფილებას ჩემპიონატის დროს.

შეგახსენებთ, რომ წლეულს თებერვალში იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 8 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის თავი გენო პეტრიაშვილმა (ოქრო), ბექა ლომთაძემ (ვერცხლი), ავთანდილ კენჭაძემა და ელიზბარ ოდიკაძემ (ორივე – ბრინჯაო) გამოიჩინეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იური ლომაძე, ლევან არაბული (ორივე – ვერცხლი), ნუგზარ წურწუმია და ამირან შავაძე (ორივე – ბრინჯაო) გამოირჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები