Thumbnail

ბრუკლინ ნეტსმა NBA-ს ახალი სეზონი გოლდენ სტეიტ უორიორსთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. კაირი ირვინგისა და კევინ დურანტის დუეტი პირველსავე თამაშში შთამბეჭდავი იყო, გოლდენ სტეიტში კი სტეფ კარი თითქმის მარტო იყო და ნეტსმა თამაში 125:99 მოიგო.

კაირი ირვინგმა თქვა, რომ ამ სეზონში ნეტსს გაცილებით დიდი მიზნები აქვს

მოკლედ, დურანტის ოფიციალური დებიუტი კარგი გამოვიდა - KD-მ 25 წუთში 22 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. ამაზე მეტი არც იყო საჭირო, რადგან კაირი ირვინგიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და 26 ქულით (4 მოხსნა, 4 პასი) თამაშის ყველაზე პროდუქტიული კალათბურთელი გახლდათ. სკამიდან კარის ლევერტმა ითამაშა კარგად (20 ქულა, 9 მოხსნა). გოლდენ სტეიტში კი სტეფ კარი თითქმის მარტო იბრძოდა უმაღლეს დონეზე - მან 20 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. თუმცა სტეფმა 10-დან მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო.

უორიორსს დაცვაში თავიდანვე ცუდად ჰქონდა საქმე (ბრუკლინმა პირველ მეოთხედში 40 ქულა ჩაუგდო), მაგრამ მატჩის ჰაილაითი სწორედ გოლდენ სტეიტს ეკუთვნოდა. უფრო კონკრეტულად კი კელი ობრის, რომელმაც წარმოუდგენელი Putback-დანქი შეასრულა და თანაც, არა ვიღაცის, არამედ თვით კევინ დურანტის წინააღმდეგ!

“ცუდი დღე იყო, უკანალზე მაგრად მოგვარტყეს!” - თქვა მატჩის შემდეგ კარიმ.

“ჩვენი თამაში საერთოდ არ მომეწონა. თამაშში ერთხელაც არ ვყოფილვართ და მარცხიც ლოგიკურია,” - ეს გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის სიტყვებია.

“არ მინდა, რომ ჩემი დაბრუნება დიდ რამედ წარმოვაჩინო. უბრალოდ კალათბურთს ვთამაშობ და თანაც, 8 წლის ასაკიდან. ანუ, ვაკეთებ იმას, რაც დიდი ხანია, შემიძლია.” - აღნიშნა კევინ დურანტმა. 

“წელს ჩვენ გაცილებით დიდი მიზნები გვაქვს, ვიდრე შარშან. უბრალოდ მინდა, რომ ყველა თამაშში ვდომინირებდეთ, რეგულარულად!” - ეს კაირის სიტყვებია.


ჰო, ყველა მართლაც დურანტს უყურებდა, მაგრამ სწორედ ირვინგი იყო ის კაცი, ვინც ამ თამაშში მთავარი საქმეები აკეთა. ჰქონდა კარგი ჯამპერი, რამდენიმე მისთვის დამახასიათებელი სუპერ-მოძრაობა, რომელთაგან ყველა წარმატებული იყო. ასევე აღსანიშნავია კაირის ექსტრემალურად შორეული სამქულიანი, რომელმაც გოლდენ სტეიტს ფარხმალი დააყრევინა. 26 ქულიდან 24 ირვინგმა (სულ რაღაც 25 წუთში) პირველ ტაიმჩი ჩააგდო.

მომდევნო მატჩებს ორივე გუნდი Christmas Day-ზე, 25 დეკემბერს გამართავს. ბრუკლინი ბოსტონ სელტიკსს ესტუმრება, ხოლო გოლდენ სტეიტი კი - იანისის მილუოკი ბაქსს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები