Thumbnail

NBA-ს კლუბმა ინდიანა პეისერსმა გააქტიურა გოგა ბითაძის კონტრაქტის ის პუნქტი, რომლის თანახმადაც 21 წლის ცენტრთან ხელშეკრულება მესამე სეზონზეც გრძელდება. როგორც ჩანს, ტრავმიანობის და მცირე ნდობის მიუხედავად (მხოლოდ 8.7 წუთი საშუალოდ პირველ სეზონში) ორგანიზაციაში ქართველი კალათბურთელის ეიმედებათ. 

როდესაც ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე დრაფტის მე-18 ნომრად აირჩია, მას 4-წლიანი, ე. წ. ახალბედის კონტრაქტი გაუფორმა, რომლის პირველი ორი სეზონი გარანტირებულია, მესამე და მეოთხე სეზონზე კი ხელშეკრულების გაგრძელება კლუბის პრეროგატივაა. პეისერსს 29 დეკემბრამდე უნდა გადაეწყვიტა, რას უპირებდა ბითაძეს, თუმცა გადაწყვეტილება უფრო ადრე გახდა ცნობილი, გოგას და აარონ ჰოლიდეის კონტრაქტები გაუხანგრძლივეს. 

გოგა ბითაძე სავარაუდოდ, 20-25 მატჩს გამოტოვებს

გოგა ბითაძე 2021/22 წლების სეზონში გარანტირებულად მიიღებს 3.1 მილიონ დოლარს. მომდევნო სეზონში მისი ხელფასი უფრო მეტი იქნება - 5.79 მილიონი დოლარი, თუმცა პეისერსს ჯერ დრო აქვს მეოთხე სეზონზე გადაწყვეტილების მისაღებად. 

კონტრაქტთან დაკავშირებით დადებითი პროგნოზი გამართლდა, თუმცა სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით გოგას ტრავმაზე - მან კოჭი დაიზიანა და დიდი ალბათობით, იანვარში საერთოდ ვერ ითამაშებს. უახლოეს ორ კვირაში გოგას კიდევ ერთხელ შეამოწმებენ და უფრო ზუსტად ეცოდინებათ, სადამდე მოუწევს მას იძულებითი დასვენება. 

გამოდის, რომ 72-მატჩიანი რეგულარული სეზონიდან ბითაძეს 20-25 მატჩის გამოტოვება მოუწვს. ამიტომაც, ამერიკული მედია მისი შემცვლელის აყვანაზე აკეთებს აქცენტს, რადგან ჯაკარ სემპსონს სიმაღლის გამო ზოგიერთ გუნდთან დაპირისპირებაში ფარქვეშ ბრძოლა გაუჭირდება, გოგას არყოფნაში კი სწორედ მან უნდა იტვირთოს სათადარიგო ცენტრის ფუნქციები. 

შეგახსენებთ, 21 წლის ბითაძემ წინა სეზონში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 3.2 ქულას და 2.0 მოხსნას აკეთებდა. სეზონის წინ ტრავმის გამო, მან მხოლოდ ერთ წინასასეზონო მატჩში მიიღო მონაწილეობა, ფილადელფიასთან 5 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები