Thumbnail
  • ომონია 3:0 ანორთოსისი
  • თემურ ქეცბაიას კომენტარი თამაშის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ომონიასთან პრინციპულ დაპირისპირებაში 0:3 დამარცხდა. 

ნიქოზიაში ჩემპიონთან შეხვედრაში ქართველთა ანორთოსისმა ვერაფერი დაუპირისპირა ჰენინგ ბერგის გუნდს. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ქვილითაია, ქეცბაიამ 82-ე წუთზე გამოცვალა, თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია.

თემურ ქეცბაია და ჰენინგ ბერგი თამაშის შემდეგ

cyprustimes.com წერს, რომ ქეცბაია უკონტროლოდ იქცეოდა - მას არ მოსწონდა, რა შეცდომებსაც უშვებდნენ მისი ფეხბურთელები და გამუდმებით უყვიროდა მათ. alphanews.live წერს, რომ ქეცბაია განსაკუთრებით პირველ ტაიმში იყო აღშფოთებული, გამოცემა იქვე წერს, რომ ისე ცუდად თამაშობდნენ ანორთოსისის ფეხბურთელები, ქეცბაია მათთან მიმართებაში მართალი იყოო. პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რომ გუნდმა ცუდად ითამაშა და თუ მიზნის მიღწევა სურს, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს. 

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "სამი გოლი ძალიან იოლად გავუშვით. ამ დონეზე ასე გოლების გაშვება სირცხვილია და არ შეიძლება. ამ თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენ ახალი სისხლი გვჭირდება, რის გაკეთებასაც ჩვენ შევეცდებით. როცა ასე იოლად უშვებ გოლს, იქ უკვე იღბალზე საუბარი არ შეიძლება.
ყველა პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება, გვჭირდება კარგი ფეხბურთელები, რომელთა თამაშითაც უფრო მაღალ დონეზე ავალთ, გვჭირდება ლიდერი. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ლიდერთან ახლოს ვალთ. იმედია ახალი ფეხბურთელების დახმარებით, სეზონისთვის დასახულ მიზანს შევასრულებთ".

ამ წაგების შემდეგ ქეცბაიას ანორთოსისი 30 ქულით მე-2 ადგილზეა და აპოლონს 2 ქულით ჩამორჩება. ომონია მესამეზეა 29 ქულით და თამაშით ნაკლები აქვს გამართული. მე-4 ადგილზე მყოფ აელ-ს (18 ქულა), სულაც 14 მატჩი აქვს ჯერ გამართული. წლეულს ანორთოსისი ჩემპიონატში აღარ თამაშობს, 3 იანვარს ქართველთა გუნდი ლიდერ აპოლონს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები