Thumbnail

მოჰამედ სალაჰი რეალში - რატომ არის ეს ტრანსფერი დაუჯერებელი

ბოლო დროს გავრცელებული ხმების მიუხედავად, ლივერპული არ აპირებს მოჰამედ სალაჰთან განშორებას. ახლა წერენ, რომ ინგლისურ კლუბში 28 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელის დიდი ხნით შენარჩუნება სურთ და მისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებასაც აპირებენ. 

ფეხბურთელს "მერსისაიდელებთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის თანახმად, კვირაში დაახლოებით 220 ათას ევროს გამოიმუშავებს. 

არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, მოჰამედ სალაჰის კარიერას მადრიდის რეალს უკავშირებდნენ. ლივერპულის ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი კი კარგად ხსნის, რატომ არის ეს ტრანსფერი შეუძლებელი.

როგორც ჩანს, კლოპს სალაჰთან განშორება ჯერ არ სურს

"ვფიქრობ, რომ მაშინაც კი, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი ბრწყინავდა, კრიშტიანო რონალდოს რეალში გადასვლა ამ უკანასკნელისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო. იმიტომ, რომ რეალი რეალია. მაგრამ დღეს მგონია, რომ ორივე ესპანურმა გიგანტმა პოზიციები დათმო. 

სალაჰს კონტრაქტით ორნახევარი წელიწადი კიდევ აქვს. რეალმა საკმაოდ დიდი თანხა ედენ აზარშიც დახარჯა, როდესაც ის 28 თუ 29 წლის იყო და პრობლემა არ უნდა იყოს, რომ სალაჰიც ამ ასაკშია, მაგრამ მგონია, რომ ასეთ ტრანსფერს აზრი ერთი ან ორი წლის უკან ექნებოდა. როდესაც ფეხბურთელში დიდ თანხას იხდი, გსურს, რომ ის 25 ან 26 წლის იყოს. ასეთ შემთხვევაში დაბანდებული თანხა შეიძლება ამოიღო. 

თუკი სალაჰი წასვლას მაინც მოინდომებს, ლივერპული საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, მაგრამ მგონია, რომ ასეთი ტრანსფერის დრო უკვე გავიდა მისი ასაკის გამო", - ამბობს კარაგერი, რომელიც ამჟამად სატელევიზიო ექსპერტია. 

კარაგერის არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს

ლივერპულის ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირის 21 მატჩში ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 4 შედეგიანი პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები