Thumbnail

გადაყრილი ნახევარი მილიარდი ევრო - ფიფამ ბლატერს უჩივლა

  • ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ახალ შარშია
  • საქმე თითქმის 500 მილიონ ევროს ეხება

დარჩა ვინმე, ვინც ზეპ ბლატერს არაფერს ედავება? ფიფას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ამჯერად საქმე თვითონ ფიფამ აღძრა!

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება დანაშაულებრივ ქმედებებს ციურიხში ფიფას მუზეუმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც ფინანსურად წლების მანძილზე მინუსშია. ფიფაში მიაჩნიათ, რომ საერთო ჯამში მინუსმა ნახევარი მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა, რაც დაახლოებით 460 მილიონი ევროა. “ეს თანხა შეიძლებოდა, ფეხბურთის განვითარებისთვის დაგვეხარჯა,” - ვკითხულობთ ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.

“ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა,” - ამბობს ბლატერის ადვოკატი ლორენც ერნი.

მუზეუმი ციურიხის ზეეშტრასეზე 2016 წელს გაიხსნა - ანუ, ერთი წლის შემდეგ, რაც ახლა უკვე 84 წლის ბლატერმა გადადგომა დააანონსა და ეთიკის კომისიამ 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფიფას ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენებია, რომ მაგალითად 2019 წელს მუზეუმის შემოსავალმა დაახლოებით 3,5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხარჯი კი - 6,3 მილიონი დოლარი იყო.

ფიფამ ფინანსური ანალიზი დამოუკიდებელ ექსპერტებს ჩაატარებინა. “კვლევების შედეგად გამოჩნდა ბევრი საეჭვო გარემოება, რომელთაგან რამდენიმე დანაშაულებრივი შეიძლება იყოს,” - ეს გენერალური მდივნის, ალასდაირ ბელის სიტყვებია.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფიფას ყოფილმა ადმინისტრაციამ მარტო მუზეუმის შენობის რემონტსა და მოდერნიზებაში 140 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დახარჯა - იმ დროს, როცა შენობა ორგანიზაციას არცკი ეკუთვნის. ამასთან, საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც 2045 წლამდეა გაფორმებული, საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია.

კომენტარები

ბოლო ამბები