Thumbnail
  • ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ფლორენტინო პერესი გააკრიტიკა
  • ტებასის აზრით, რეალის შეფი ვერ ხვდება, რა შედეგები ექნება მის იდეას

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ევროპის ტოპ-კლუბების მიერ სუპერლიგის შესაძლო შექმნის იდეას გამოეხმაურა. ცნობილია, რომ ამ იდეას რამდენიმე გრანდის შეფთან ერთად, მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც ემხრობა. ტებასმა ‘სამეფო კლუბის’ ბოსი გააკრიტიკა.

“ამბობენ, რომ ამ იდეის უკან პერესი დგას, თუმცა ასეთი რაღაცები ყოველთვის საიდუმლოებებითაა ხოლმე მოცული. ამიტომ, არ ვიცი, ეს მართლაც პერესის იდეაა, თუ არა. უბრალოდ მას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები მოსწონს, - აცხადებს ლა ლიგის პრეზიდენტი, - ფლორენტინო შესანიშნავი ბიზნესმენია და რეალს ძალიან კარგად მართავს, მაგრამ ის ვერ ხვდება, როგორ მუშაობს დიდი ტურნირი. პერესი ვერ აცნობიერებს, სად მიიყვანს ევროპულ ფეხბურთს სუპერლიგის შექმნა. როგორც ბიზნესმენს, მას დიდი წონა აქვს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, რადგან ვერ ხვდება, რა ნეგატიური შედეგები ექნება ამ ყველაფერს მისი კლუბისთვის. სუპერლიგას შეუძლია, რეალი კრახამდე მიიყვანოს!”

კვირას, ფლორენტინო პერესმა რეალის ყოველწლიურ შეკრებაზე ღიად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი აზრით, ფეხბურთს ახალი იმპულსები სჭირდება. “ფეხბურთის რეფორმა არ უნდა დავაგვიანოთ. ცვლილებები საჭიროა!” - თქვა მან. სუპერლიგის შექმნა რეალთან ერთად რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს და თანაც, ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებისგან დამოუკიდებლად. ლოგიკურია, რომ ფედერაციებს და ქვეყნების ლიგებს ეს იდეა არ მოსწონთ.

'ჩემპიონთა ლიგაში ახლა გვაქვს ჯგუფური ეტაპი, რომელიც პირადად ჩემი აზრით ცოტა მოსაწყენი გახდა' - კარლ-ჰაინც რუმენიგე

კვირას სუპერლიგაზე მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა მენეჯერმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც ისაუბრა. აი, რა თქვა კალემ გადაცემა Doppelpass-ში: “ადრე, როდესაც ევროპის სუპერლიგაზე საუბრობდნენ, ასეთი იდეები ყოველთვის კონტინენტის სამხრეთიდან მოდიოდა. ვფიქრობ, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩემპიონთა ლიგის რეფორმა 2024 წელს, ვიდრე სუპერლიგაზე ფიქრი. ჩემპიონთა ლიგაში ახლა გვაქვს ჯგუფური ეტაპი, რომელიც პირადად ჩემი აზრით ცოტა მოსაწყენი გახდა. ვფიქრობ, რომ ის, რასაც უეფა გეგმავს, სწორედ რეფორმა იქნება. გეგმის მიხედვით ჯგუფური ეტაპი ლიგამ უნდა შეცვალოს, რომელიც ტურნირს დაძაბულობას დაუბრუნებს.”

კომენტარები

ბოლო ამბები