Thumbnail

ჩვენ ჩავატარებთ იდეალურ ტურნირს | გერმანია ევრო 2024-ის მასპინძლობის კანდიდატია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გერმანია და თურქეთი იბრძვიან
  • გერმანიის საფეხბურთო კავშირმა უეფაში განაცხადი ოფიციალურად შეიტანა
  • განაცხადების მიღების ვადა 27 აპრილს იწურება, მასპინძელი კი 27 სექტემბერს გაირკვევა

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა (DFB) უეფაში ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

გერმანიამ ტურნირის მასპინძლობის სურვილი ჯერ კიდევ შარშან მარტში გამოთქვა, ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე კი განზრახვა ოფიციალურად დაადასტურა. DFB-ის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი 24 აპრილს ნიონში, უეფას შტაბბინას ესტუმრა და ორგანიზაციის გენერალურ მდივან თეოდორ თეოდორიდისს ყველა საჭირო დოკუმენტი წარუდგინა. 

"ჩვენ ბრწყინვალე განაცხადი წარმოვადგინეთ და მზად ვართ, ორგანიზება გავუკეთოთ იდეალურ ტურნირს, რომელიც უეფას ევროპული ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ევრო 2024-ის ევროპის ცენტრში გამართვით, ყველა მონაწილეს ექნება გულშემატკივრების მხარდაჭერის საშუალება", - თქვა გრინდელმა.   

თავის მხრივ, თეოდორიდისმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს განაცხადის წარდგენისთვის:

"ვიცი, რომ DFB მთელი სერიოზულობით ეკიდება თავის განაცხადს. სულმოუთმენლად ველი განაცხადების შეფასების პროცესის დაწყებას, რომელსაც უეფას აღმასკომი ჩაატარებს". 

ამ კვირაში უეფას შტაბბინას უნდა ესტუმროს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციაც, რომელიც ასევე დაინტერესებულია ტურნირის მიღებით.

უეფას ადმინისტრიაცია უახლოეს მომავალში დაიწყებს განაცხადების შეფასებას. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ შესაძლოა კონკურსის მონაწილეებისგან მათი განაცხადების დახვეწა მოითხოვოს, სექტემბრისთვის კი თითოეულ განაცხადზე მოამზადებს და გამოაქვეყნებს ანგარიშს. 

ევრო 2024-ის მასპინძელს ნიონში, 27 სექტემბერს, უეფას აღმასკომის სხდომაზე აირჩევენ.  

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ევროპის ჩემპიონატს 1988 წელს უმასპინძლა. გერმანიაში ასევე ჩატარდა მსოფლიოს ორი ჩემპიონატი (1974 და 2006 წლებში).

პირველად ტურნირის ისტორიაში, ევრო 2020 უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქში ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები