Thumbnail

სებასტიან ფეტელი და ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ში მტრები არიან, სარბოლო ტრეკს მიღმა კი ერთმანეთს პატივს სცემენ და აღიარებენ. შვეიცარიულ ‘ბლიკთან’ ინტერვიუში გერმანელმა გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა მას ჰემილტონი რთულ პერიოდში და როგორ გადააწყვეტინა ფორმულა 1-ში დარჩენა.

“წლის დასაწყისში, როდესაც ცუდი ამბები გავრცელდა, ლუისმა დამირეკა. ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ ტელეფონით და ხშირად ვწერდით ერთმანეთს. ყოველთვის მამხნევებდა და ჩემს მოტივირებას ცდილობდა, რომ კარიერა გამეგრძელებინა,” - აცხადებს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფეტელი.

როგორც იცით, 33 წლის ფეტელს გაზაფხულზევე უთხრეს, რომ ფერარიში მისი კონტრაქტი არ გაგრძელდებოდა. ამის გამო სებასტიანი საერთოდ კარიერის დასრულებაზეც კი სერიოზულად ფიქრობდა.

“ცხოვრებაში სხვაც ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე ჩვენი სპორტია. მიუხედავად ამისა, ფორმულა 1-ში დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ ამის შემდეგ შედგა კონტაქტი ჩემსა და ასტონ მარტინს შორის,” - ამბობს ფეტელი ხსენებულ ინტერვიუში.

სკუდერიაში 6-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, სებასტიან ფეტელი 2021 წლიდან სწორედ ასტონ მარტინის გუნდში ირბოლებს. 2020 წელი კი მისთვის და ფერარისთვის სრული ფიასკოთი დასრულდა - ფეტელმა მე-13 ადგილი დაიკავა - ასეთი ცუდი შედეგი მას მანამდე არასდროს ჰქონია. 

“დიახ, ჩვენ აბსოლუტური ფიასკო განვიცადეთ. სამწუხაროდ. ამ შეუსრულებელ მისას თავისი მიზეზები აქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ მიუღწეველ მიზნებს დიდხანს არ უნდა მისტიროდე,” - აღნიშნავს ფეტელი, რომელმაც ‘ბლიკთან’ ინტერვიუში მიკ შუმახერის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მომავალი სეზონიდან ჰაასში იასპარეზებს: “მიკს შეუძლია, ნებისმიერ დროს მომმართოს. მის დასახმარებლად ყოველთის მზად ვიქნები. ზუსტად ისე, როგორც მამამისი მიხაელი იყო ყოველთვის მზად ჩემს დასახმარებლად.”

კომენტარები

ბოლო ამბები